ირაკლი ზარქუა - „ნაციონალური მოძრაობა“ ნუ იგდებს თავს სასაცილო მდგომარეობაში, მოუწოდონ სააკაშვილს, დაიწყოს კვება
ირაკლი ზარქუა - „ნაციონალური მოძრაობა“ ნუ იგდებს თავს სასაცილო მდგომარეობაში, მოუწოდონ სააკაშვილს, დაიწყოს კვება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება. მისივე თქმით, აუცილებელი თუ იქნება, რომ სააკაშვილს სამედიცინო მომსახურება ციხის გარეთ გაეწიოს, ამაზე დასკვნას გააკეთებს შესაბამისი სამსახური.

„პატიმარ სააკაშვილს ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება, ისევე როგორც დანარჩენ პატიმრებს. იმ შემთხვევაში, თუ დადგა მოცემულობა, რომ აუცილებელია, ციხის გარეთ მიეწოდოს მას გარკვეული სერვისი, ამაზე დასკვნას გააკეთებს შესაბამისი სამსახური და გადაიყვანს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი ზარქუამ სააკაშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავდებობის საკითხზეც გააკეთა კომენტარი. ზარქუას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს.

„თავდებში ჩადგომას რაც შეეხება, ზოგადად, ვიცით, რომ ყველა მანკიერ ქცევაში „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს გვერდით უდგას. ნუ იგდებენ თავს სასაცილო მდგომარეობაში. მოუწოდონ პატიმარ სააკაშვილს, დაიწყოს კვება. რთულია, ციხის კედლებში ადაპტაცია სჭირდება, მაგრამ ვინც დაარღვია კანონი, ბუნებრივია, ყველას მოიწევს ციხის კედლებში ჯდომა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგებიან, თუკი ხელისუფლება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება, მკურნალობის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში და წარდგება სასამართლოს წინაშე.