ირაკლი ზარქუა - ლევან ხაბეიშვილის მხრიდან მორიგ სპექტაკლს და სიცრუის ტირაჟირებას ჰქონდა ადგილი
ირაკლი ზარქუა - ლევან ხაბეიშვილის მხრიდან მორიგ სპექტაკლს და სიცრუის ტირაჟირებას ჰქონდა ადგილი

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას საახალწლო ხარჯებთან დაკავშირებით მორიგ სპექტაკლს უწოდებს.

ირაკლი ზარქუას თქმით, ხაბეიშვილი სიცრუის ტირაჟირებას ახდენს და საზოგადოება განგებ შეჰყავს შეცდომაში. ირაკლი ზარქუას განმარტებით, პრემიერმა მათ მილიონ შვიდასი ათასი ნამდვილად გადასცა, რადგან შეუძლებელი იყო, საახალწლო კონცერტისთვის მომღერლები ტენდერის საშუალებით აერჩიათ. მისივე თქმით, ოპოზიციას არ აინტერესებს ბიუჯეტის ხარჯვის ის ნაწილი, რომელიც სოციალური მიმართულებით გაზრდილ ბიუჯეტს ეხება.

„ოპოზიცია თავის ამპლუაშია სიცრუის ტირაჟირებაში. გუშინ, როდესაც 2019 წლის ბიუჯეტს განვიხილავდით, მათ დასვეს კითხვები და ისე წავიდნენ, არც მოისმინეს კომენტარი. მორიგ სპექტაკლს ჰქონდა ადგილი, სიცრუის ტირაჟირებას. თანხა მილიონ შვიდასი ათასი ნამდვილად არის, ოღონდ ეს არის მუნიციპალიტეტის თანხა. პრემიერ-მინისტრმა მოგვცა თანხმობა, რომ გამარტივებული წესით გადაგვეხადა მუსიკოსებისა და მომღერლების ჰონორარები. როგორ წარმოგიდგენიათ ტენდერის საშუალებით მომღერლების შერჩევა. ეს არც მათ დროს მომხდარა. რაც შეეხება 2019 წლის ბიუჯეტს, კვლავინდებურად აქცენტირებულია დედაქალაქის საჭიროებებზე, მათ შორის სოციალური მიმართულებით გაზრდილია ბიუჯეტი და 185 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. უფასო სასადილოების მიმართულებით გაზრდილია ბიუჯეტი. აუტისტური სპექტრის დაფინანსებაც გაიზარდა. გაზრდილია ყველა ის საჭიროება, რომელიც ქალაქის მოსახლეობას აქვს, მაგრამ ეს მათ არ აინტერესებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თბილისის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილმა დღეს განაცხადა, რომ როდესაც ათი ათასობით ბავშვი შიმშილობს, თბილისის მერი კახა კალაძე მომღერლების ჰონორარებში ორ მილიონ ლარამდე იხდის.

დატოვე კომენტარი