ლევან ხაბეიშვილი - როდესაც ათი ათასობით ბავშვი შიმშილობს, კახა კალაძე მომღერლების ჰონორარებში ორ მილიონ ლარამდე იხდის
ლევან ხაბეიშვილი - როდესაც ათი ათასობით ბავშვი შიმშილობს, კახა კალაძე მომღერლების ჰონორარებში ორ მილიონ ლარამდე იხდის

მაშინ, როდესაც ათი ათასობით ბავშვი შიმშილობს, კახა კალაძე მომღერლების ჰონორარებში ორ მილიონ ლარამდე იხდის, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.

ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ საახალწლო ღონისძიებაში სამ მილიონამდე ლარი დაიხარჯება და თანხების უმეტესობა იმ მომღერლების ჰონორარებს მოხმარდება, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში იღებდნენ მონაწილეობას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, ამ ოდენობის თანხების ხარჯვა იმის ფონზე, როდესაც ხალხი შიმშილობს, არასერიოზულია და საბიუჯეტო ხარჯების ფლანგვაა.

„ორი კვირის წინ ჩვენ გავასაჯაროეთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ორი მილიონი ლარი ჯდებოდა საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება. ვგულისხმობ მხოლოდ სცენით და აპარატურით მომსახურებას, რასაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტყუილი უწოდა და განაცხადა, რომ ერთ მილიონ ლარს დახარჯავდნენ მხოლოდ ამ მიმართულებით. ამის შემდეგ მამუკა ბახტაძემ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, დამატებით მილიონ რვაასი ათას ლარამდე გამოყო, რათა ტენდერის გარეშე გახარჯოს საახალწლო ღონისძიებებისთვის კახა კალაძემ. როცა ის ამბობდა, რომ ორი მილიონი იყო ბევრი და ოპოზიცია ცრუობდა, ახლა ამ დოკუმენტაციით გამოდის, რომ ორი მილიონ შვიდასი ათასი დაიხარჯება საახალწლო ღონისძიებებისთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.