ირაკლი ზარქუა - ელენე ხოშტარია ჩამოყალიბდეს, ჯიგარი კეზერაშვილი აფინანსებს თუ რუსეთი, დავიბენი 
ირაკლი ზარქუა - ელენე ხოშტარია ჩამოყალიბდეს, ჯიგარი კეზერაშვილი აფინანსებს თუ რუსეთი, დავიბენი 

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ თვალსა და ხელს შუა იშლება, რეიტინგი მცირდება, რისი მიზეზიც, ზარქუას შეფასებით, მათი არათანმიმდევრულობა, არაპრინციპულობა და ანტიქართული სულისკვეთებაა.

ზარქუას თქმით, საზოგადოებაში მათ მიმართ დაბალი უნდობლობა პარტიაში ერთმანეთის მიმართ დაპირისპირების საფუძველს აჩენს.

„ვხედავთ, მთავარი ოპოზიციური პარტია თვალსა და ხელს შუა როგორ იშლება. მათ „ენდიაიც“ კი 8-პროცენტიან რეიტინგს უწერთ. ამაზე მეტი კატასტროფა რას უნდა იყოს? ამის მიზეზია მათი არათანმიმდევრულობა, არაპრინციპულობა, ანტიქართული სულისკვეთება, მტრის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს და საზოგადოებაში მათ მიმართ დაბალი უნდობლობა ერთმანეთის მიმართ დაპირისპირების საფუძველს აჩენს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ამასთან, ირაკლი ზარქუამ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მან შეაფასა ელენე ხოშტარიას განცხადება, სადაც „დროას“ ლიდერი ამბობს: „ვის აინტერესებს „რაზბორკები“, კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ, მოკლედ, საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ“.

ირაკლი ზარქუას თქმით, ელენე ხოშტარია ჩამოყალიბდეს, კეზერაშვილი აფინანსებს თუ რუსეთი.

„ერთნი კეზერაშვილისგან ფინანსდებიან, ვინც არ ფინანსდება, ამათ გაუბრაზდნენ. ხოშტარიამ თქვა, წლებია, ჯიგარი მაფინანსებსო და დემოკრატიის შუქურაა სავარაუდოდ კეზერაშვილი. ხოშტარია ჩამოყალიბდეს, დავიბენი – ხან რუსეთი აფინანსებს, გახსოვთ პრემიები თუ გადმორიცხული თანხები, ბათუმში ბინა აქვს ნაყიდი. თურმე ახლა კეზერაშვილიც აფინანსებს და ეს ადამიანი გვიყვება, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი მივიღოთ. მივიღებთ, მაგრამ მათ უკრაინული მოდელი არ უნდათ, რადგან ზუსტად იციან, რომ მასში კეზერაშვილი და ძმანი მისნი მოჰყვებიან“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.