ირაკლი ზარქუა – კარგი იქნება, აშშ-ის საელჩოსთან გუშინდელი ინციდენტის კადრები თუ გასაჯაროვდება, რაზეც ორივე მხარე თანახმაა
კარგი იქნება, აშშ-ის საელჩოსთან გუშინდელი ინციდენტის კადრები თუ გასაჯაროვდება, რაზეც ორივე მხარე თანახმაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის საელჩოში რაც მოხდა, წინასწარ დაგეგმილი ქმედება და პროვოკაცია იყო.
„ანრი ოხანაშვილს პროვოკაცია მოუწყვეს და დანაშაული ჩადენილი იყო ვატო წერეთლის მხრიდან, როდესაც მანდატის მქონე, არჩეულ პირს შეურაცხყოფა მიაყენა. ძალიან კარგი იქნება, თუ კადრები გასაჯაროვდება, რაზეც ორივე მხარე თანახმაა. როცა პროვოკაცია მოხდა, პირველ ეტაპზე ანრი ოხანაშვილი თავშეკავებული იყო. შემდეგ ოხანაშვილი წერეთელთან მივიდა და ჰკითხა, რატომ აგინა, რატომ მიაყენა შეურაცხყოფა, რაზეც მისი მხრიდან იყო რეაგირება – გინება და ხელის შემორტყმა. მას ხელი ანრიმაც მოუქნია, რაც პროპორციული ქმედება იყო. ისინი შემდეგ ერთმანეთისგან გავაშველე. შემდეგ წერეთელმა ჭიქა ლევან მგალობლიშვილს ესროლა. ეს ყველაფერი უღირსი და მიუღებელი საქციელია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.