ირაკლი ზარქუა - ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩისგან პოზიციის დაფიქსირებას ველოდები, თქვენო აღმატებულებავ, ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა აუგად მოგიხსენიათ
ირაკლი ზარქუა - ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩისგან პოზიციის დაფიქსირებას ველოდები, თქვენო აღმატებულებავ, ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა აუგად მოგიხსენიათ

ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩისგან პოზიციის დაფიქსირებას ველოდები. ახლა მაინც მიხვდით, ვისთან გაქვთ საქმე. თუ მათ პოზიციაზე არ იქნები, მტერი ხარ და ზურგს უკან გაგინებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

“ჩანაწერები ხომ რეალობაა, დამონტაჟებული ხომ არ არის, პირდაპირი საუბარია, რა განწყობა და მიდგომა აქვთ ჩვენი მაგარი ბიჭების მიმართ. კვარაცხელიას ფრჩხილის ღირსადაც არ ღირხართ, ვინც მასზე აუგად საუბრობთ. დაწყებული იმით, კახელებს რომ უთხრა, ღვინოში უნდა მოგიშარდოთო, ის არის თქვენი, უსამშობლოების ბელადი. გვარამია რომ გამოვა და ლიდერობაზე ექნება პრეტენზია, შეიძლება ჩახდილების ღირსეული ბელადი გახდეს. ვერასდროს გახდებით ვერც კვარაცხელიებზე, ვერც კალათბურთელებზე, მორაგბეებზე, ვერც დანარჩენ მაგარ ქართველებზე უკეთესი, რომლებმაც თავიანთი შრომით და მონდომებით საქართველოს სახელი ევროპაში გაიტანეს. არა რუსულ კანონს, კი გამჭვირვალობას და კი ევროპას – ეს არის ჩვენი მიდგომა და ამას მივაღწევთ. გიგაურებს, ლომჯარიებს და დანარჩენ უსამშობლოებს მოგიწევთ იმ დაფინანსების გასაჯაროება, რასაც იღებთ. აიყოლიეთ და შეაცდინეთ ახალგაზრდობა და საზოგადოება. ამის გამო პოლიტიკურად, მათ შორის, არჩევნებზეც მოგეკითხებათ“, – განაცხადა ზარქუამ.

მისი თქმით, ამბობენ, არაძალადობრივი აქციებია, მაგრამ პარლამენტის კარის შემტვრევა, ადამიანების ბულინგი, გზების გადაკეტვა, მუშტით და ჩაქუჩით შუშების მტვრევა, პოლიციელებზე გალაშქრება მშვიდობიანი აქციაა?

„ცდილობენ, უფრო მწვავე გახადონ და არ მოერიდებიან, მათ შორის, მსხვერპლს, სააკაშვილი ხომ ითხოვდა მსხვერპლს, 1-2 თუ არ შეეწირა რევოლუციასო, აბა, ისე როგორ გინდათო. ჩანაწერი ხომ გავრცელდა, მათი ინტერესის სფეროა რადიკალიზმის კიდევ უფრო გაძლიერება, რომ ვინმე დასახიჩრდეს და შემოაკვდეს. ახალგაზრდებს მივმართავ, თქვენი ინტერესები და ჯანმრთელობა ფეხებზე ჰკიდიათ, გიყენებენ. ეს გავიარეთ და ვნახეთ, ერთ დროს „კმარა“ ერქვა. იგივე სცენარია, ოღონდ სხვა აქტორებია. მთავარი მოძალადე ციხეშია, მაგრამ პატარა მოძალადეები ხომ ჰყავთ, მისი გზის ღირსეული გამგრძელებლები – გვარამიები, ხოშტარიები, რუსული ფულით დაფინანსებული, პლუს ის ჩახდილები, ჯაფარიძეები და ა.შ. სამართალდამცველები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ქართული სახელმწიფოს შელახვის უფლებას არავის მივცემთ. ამ ქვეყანას დამშვიდება, ეკონომიკური განვითარება და ევროპული ინტეგრაცია სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც, სავარაუდოდ, „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მხრიდან საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ისმის, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ პაველ ჰერჩინსკისგან პოზიციის დაფიქსირებას ელოდება.

„თქვენო აღმატებულებავ, ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა თქვენ აუგად მოგიხსენიათ, სირცხვილად თუ სასირცხვილოდ. ახლა მაინც მიხვდით, ვისთან გაქვთ საქმე. თუ მათ პოზიციაზე არ იქნები, მათი მოსაწონი არ გააკეთე, მტერი ხარ და ზურგს უკან გაგინებენ. ეს არის მათი ხელწერა. ქალბატონ ზურაბიშვილს რას ეძახდნენ, გვახსოვს, ახლა დაძმაკაცდნენ თუ დადაქალდნენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.