ირაკლი ზარქუა - ერთი თვეა, „ნაციონალურ მოძრაობას“ საპროტესტო აქცია აქვს, თურმე შერიგება უნდათ, მაგრამ პრეზიდენტთან არ მიდიან, ეს მეტყველებს, რომ მათი ცრემლები ბლეფია
ირაკლი ზარქუა - ერთი თვეა, „ნაციონალურ მოძრაობას“ საპროტესტო აქცია აქვს, თურმე შერიგება უნდათ, მაგრამ პრეზიდენტთან არ მიდიან, ეს მეტყველებს, რომ მათი ცრემლები ბლეფია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“, მიწვევის მიუხედავად, პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლას არ აპირებს, რადგან საკუთარი დღის წესრიგი აქვს.

ზარქუას თქმით, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ შერიგებაზე მათი ინიციატივა ბლეფია.

„პრეზიდენტი პოლიტიკურ მხარეებს იწვევს, ამ დროს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო მარგალიტი „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს და ღონისძიებას არ ესწრება. ერთი თვეა, საპროტესტო აქცია აქვთ, თურმე, შერიგება უნდათ, ერთმანეთს უნდა მივუტევოთ და რა დროს დაპირისპირებაა, მაგრამ პრეზიდენტმა მიიწვიათ და არ მიდიან, რადგან თავიანთი დღის წესრიგი აქვთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათი ინციატივა შერიგებაზე და ნიანგის ცრემლები არის ბლეფი. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსანანიებელი აქვს საქართველოს მოსახლეობასთან, მათთან მივიდნენ და დაელაპარაკონ. რვა არჩევნებს რომ აგებ ისე, რომ დასავლეთი ამბობს, არჩევნებზე თავისუფალი არჩევანის გაკეთება დაცული იყოო, ეს მიუთითებს, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელია ეს ხალხი. ზოგი ინიციატივა ჭკვიანური აქვთ და მხარს ვუჭერთ, შესარიგებელი რა გვაქვს? თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილს ეპატიება წამება, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი და ციხიდან გამოვუშვებთ, ძალიან შემცდარა. სჯობს, ის კაცი დაასვენონ და სიცრუეში ნუ აცხოვრებენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას დღეს გამართავს.

ცნობილია, რომ მიღებაზე მისვლას არ გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ საახალწლო ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

დატოვე კომენტარი