ირაკლი თურმანიძე ძალოსნობაში ასპარეზობას კვლავ აპირებს
ირაკლი თურმანიძე ძალოსნობაში ასპარეზობას კვლავ აპირებს

ქართველი ძალოსანი ირაკლი თურმანიძე, რომელმაც ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატში ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, კვლავ განაგრძობს ასპარეზობას. საქართველოს გუნდის კაპიტანმა ამის შესახებ მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის თხოვნის შემდეგ, საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

გიორგი ასანიძემ სპორტსმენს სთხოვა, განაგრძოს ასპარეზობა ქართულ ძალოსნობაში, ხოლო ირაკლი თურმანიძემ აღნიშნა, რომ რადგანაც ეს მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ასეც იქნება.

„ძალიან დიდი შრომა დამჭირდა. მიხარია, რომ ეს მედლები საქართველოში დარჩა და ჩემს ტიტულებს კიდევ სამი მედალი შევმატე. მიხარია, რომ ტრავმის შემდეგ შეჯიბრი ისე დავასრულე, რომ ეს ტრავმა არ გამიუარესდა“, – განაცხადა ირაკლი თურმანიძემ და საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩასულ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

ბათუმში გამართული ევროპის ჩემპიონატი, ქართველი ძალოსნების ტრიუმფითა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა. ტრადიციულად ტურნირი მამაკაცთა შორის მძიმე წონის წარმომადგენლების გამოსვლით მთავრდება, სადაც გიორგი ასანიძეს ორი წარმომადგენელი ჰყავდა და მათ ექვსი მედლის აღება შეძლეს. ამასთან, მსოფლიოს უძლიერესმა ადამიანმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს სამი რეკორდი გააუმჯობესა.

დატოვე კომენტარი