ირაკლი შოთაძე - ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად წარიმართება
ირაკლი შოთაძე - ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად წარიმართება

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შემდეგ, მიღებული იქნება გადაწყვეტილება საერთაშორისო ექსპერტიზის საჭიროებაზე, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ წილკანში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად წარიმართება.

„შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დანიშნული არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და, რა თქმა უნდა, გამოძიება წარიმართება მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად, რათა რაც შეიძლება მალე დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, ვინც შესაძლოა, დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, ამის შესახებ საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია. ოჯახი სრულად იქნება ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და ეს გამოძიება წარიმართება სრულად გამჭვირვალედ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობა დადგინდება, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.

„თუ ეს პიროვნებები იქნებიან უცხოეთში, არსებობს შესაბამისი პროცედურები, რათა მოხდეს მისი დაკავება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

რაც შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია და მასზე წითელი ცირკულარით არის ძებნა გამოცხადებული.

„შესაბამისად, როგორც კი აღნიშნული პიროვნება მოხვდება უცხო ქვეყანაში, ეს ქვეყანა ვალდებული იქნება, დააკავოს და საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს გადმოსცეს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა  სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალავენ.