ირაკლი შიხიაშვილი - დოდო გუგეშაშვილის შვილი ღირსეული ახალგაზრდა იყო, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემდი
ირაკლი შიხიაშვილი - დოდო გუგეშაშვილის შვილი ღირსეული ახალგაზრდა იყო, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემდი

დოდო გუგეშაშვილის შვილი ღირსეული ახალგაზრდა იყო და დიდ პატივს ვცემდი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, თუკი სახელმწიფო ვერ იცავს მოქალაქეებს, მოქალაქეები იძულებულნი გახდებიან, თავად დაიცვან საკუთარი თავი.

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. სახელმწიფო როცა ვერ იცავს თავის მოქალაქეებს, მოქალაქეები იძულებულნი გახდებიან თავად დაიცვან საკუთარი თავი. ეს არის უბედურების მომტანი პროცესი. იმას ვგულისხმობ, რომ თუ დაუცველია ადამიანი, იძულებულია თავად დაიცვან საკუთარი სიცოცხლე. არ ვამბობ, რომ იარაღით იარონ, მაგრამ სახელმწიფომ უნდა დაიცვას ადამიანები. ფაქტია, რომ მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია ამ ქვეყანაზე კარგის მეტი. ის იყო ღირსეული ახალგაზრდა, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემდი, მიყვარდა და ის მუშაობდა ჩემთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში დღეს დილით ესროლეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

„დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა.

გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში“, – აცხადებენ შსს-ში.

ასევე, შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.