ირაკლი სესიაშვილი - ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს იმისთვის, რომ სოფელ კირბალთან დაკავებული მოზარდი მალე გათავისუფლდეს
ირაკლი სესიაშვილი - ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს იმისთვის, რომ სოფელ კირბალთან დაკავებული მოზარდი მალე გათავისუფლდეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან დაკავებული 17 წლის მოზარდის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება.

სესიაშვილის თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორთა ინფორმირება მოხდეს და დაკავებული მოზარდი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს.

როგორც ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რუსეთმა უკვე იცის, რომ საქართველო ოკუპაციისა და გამოწვევების წინაშე მარტო არ არის და მას ამ საკითხში მხარს უჭერს მთელი საერთაშორისო საზოგადოება.

„რუსეთი აგრძელებს გატაცებას, აგრძელებს მავთულხლართების გაბმას, აგრძელებს ადამიანის უფლებების შელახვას, რაც არის რუსეთის მხრიდან პროვოკაცია. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა მალე გათავისუფლდება“, – განცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა დღეს 17 წლის მოზარდი დააკავეს. მოზარდი თანასოფლელებთან ერთად იმყოფებოდა ტყეში, რომელიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება. დაკავებულ არასრულწლოვანთან მყოფებმა გაქცევა მოასწრეს.