ირაკლი სესიაშვილი - უტიფრობაა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ბედავს, საოკუპაციო ხაზთან გამოჩნდეს
ირაკლი სესიაშვილი - უტიფრობაა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ბედავს, საოკუპაციო ხაზთან გამოჩნდეს

უტიფრობაა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“  საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და ბედავს, საოკუპაციო ხაზთან გამოჩნდეს, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა სოფელ ატოცში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ჩასვლისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად უნდა გაიაზროს, რა შეცდომები დაუშვა.

„სამწუხაროდ, მათი ქმედებით თუ უმოქმედობით ვართ იმ შედეგამდე, რომ რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და აგრძელებს მავთულხლართების გავლებას, რაც 2008 წლიდან დაიწყეს ოკუპანტებმა. ამ ვითარებაში, კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად გაიაზრებს რა შეცდომები დაუშვა, მათ შორის ბორდერიზაციის პროცესთან მიმართებაში“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნული პროცესის შესაჩერებლად მაქსიმუმს აკეთებს.

„ნებისმიერი პროვოკაცია აძლიერებს ოკუპანტს, ამიტომ სამწუხაროა, როცა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი ვერ იაზრებს, რომ არის საკითხები, სადაც მთავარია ერთობის ჩვენება და არა ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესების გამოხატვა. ყველამ კარგად ვნახეთ ის ქალბატონი როგორც იქცეოდა. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს გუშინ ატოცში ყოფნისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.