ირაკლი სესიაშვილი - სუს-მა დანაშაულის მცდელობა აღკვეთა, გამოძიება დასრულდება და გვექნება კომენტარიც, რეაქციაც, მოქმედებაც
ირაკლი სესიაშვილი - სუს-მა დანაშაულის მცდელობა აღკვეთა, გამოძიება დასრულდება და გვექნება კომენტარიც, რეაქციაც, მოქმედებაც

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანაში დანაშაულის მცდელობა აღკვეთა და ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

სესიაშვილი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები საქმეს გამოიძიებენ და შედეგი ყველასთვის ცნობილი გახდება.

„თავისთავად ცხადია, გამოძიება უნდა დასრულდეს. მოდით, რომის პაპზე მეტი კათოლიკეები ნუ ვიქნებით. შევხედოთ სახელმწიფოებრივად და სისტემურად. დანაშაულის მცდელობა აღიკვეთა, გამოძიება მომდინარეობს. ცივილიზებულ სახელმწიფოს აქვს არა ემოციური რეაქცია, არამედ სახელმწიფოებრივი, დემოკრატიული პასუხი.

პასუხი არის, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები საქმეს გამოიძიებენ, საერთაშორისო საზოგადოებას ეტყვიან, რაც მოხდა.

ჩვენი ნებისმიერი ემოციური განცხადება არის ემოციური რეაქცია. მთავარი აქ სახელმწიფოებრივი რეაქციაა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დანაშაული აღკვეთა. მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ, ხელისუფლებას გვაქვს პასუხისმგებლობა გამოძიების მიყვანაზე და არა ის, რომ მე რეალურად მტერს ვისაც ვხედავ, მას მივაწერო, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი და საფუძველი არსებობს. გამოძიება დასრულდება და ყველას გვექნება საგამოძიებო ორგანოებისგან პასუხები. ამ პასუხებზე გვექნება კომენტარიც, რეაქციაც და მოქმედებაც“,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი, ლიკვიდაციას კი, რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და ყველას მოუწოდებენ, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

დატოვე კომენტარი