ირაკლი სესიაშვილი - რუსეთის  განცხადებებს შეჩვეული ვართ, მთავარი ამოცანაა, ქვეყანა განვითარდეს და მივიდეთ იქ, სადაც არის საერთო მშვიდობა და უსაფრთხოება
ირაკლი სესიაშვილი - რუსეთის განცხადებებს შეჩვეული ვართ, მთავარი ამოცანაა, ქვეყანა განვითარდეს და მივიდეთ იქ, სადაც არის საერთო მშვიდობა და უსაფრთხოება

სამწუხაროდ, კრემლს კვლავაც მისთვის ვიწრო ინტერესის მატარებელი პოლიტიკა აქვს და ამას ამჟღავნებს რიგ შემთხვევებში აგრესიულად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით,  ევროინტეგრაცია საქართველოს, როგორც სუვერენული ქვეყნის არჩევანია.

„ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და უსაფრთხოება გვსურს. რეგიონში მშვიდობა ჩვენც გვინდა. ჩვენს ქვეყანაში სანდო და მშვიდობიანი გარემო რუსეთის ინტერესშიც უნდა შედიოდეს. სამწუხაროდ, კრემლს კვლავაც მისთვის ვიწრო ინტერესის მატარებელი პოლიტიკა აქვს და ამას ამჟღავნებს რიგ შემთხვევებში აგრესიულად. ეს იმის საფუძველი არ არის, რომ ჩვენი პროგრესი და სვლა ევროპული მომავლისკენ შევწყვიტოთ. პირიქით, ნაბიჯებს ინტენსიურად ვდგამთ. ეს ქართველი ხალხის და ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის არჩევანია. ეს ემსახურება არა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას, არამედ მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ასეთ განცხადებებს შეჩვეული ვართ და მომავალშიც მოვისმენთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყანა განვითარდეს და მივიდეთ იქ, სადაც არის საერთო მშვიდობა და უსაფრთხოება,” – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

​გრიგორი კარასინმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსულ მედიას განუცხადა, რომ „საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და მის ტერიტორიაზე ნატო-ს მასშტაბური სწავლებები რუსეთთან ურთიერთობების განვითარებას ხელს უშლის“.