ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გარდაუვალი პროცესია და ამას კრემლიც უნდა შეეგუოს
ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გარდაუვალი პროცესია და ამას კრემლიც უნდა შეეგუოს

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გარდაუვალი პროცესია და ამას კრემლიც უნდა შეეგუოს.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო თავისი ქვეყნის განვითარებასა და იმ პოლიტიკური კურსის გატარებას განაგრძობს, რაც ქართველი ხალხის არჩევანია და რომელიც კონსტიტუციასა და მიღებულ რეზოლუციებს ეფუძნება.

დეპუტატის თქმით, ქვეყნა ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს განაგრძობს.

„ჩვენთვის პუტინის განცხადება სიახლე არ ყოფილა. მას სახელმწიფო ინტერესების აღქმა განსხვავებული აქვს, რაც ცივილიზებულ წყობასა და აზროვნებას არ ემყარება. მისთვის სახელმწიფო ინტერესები სუსტი მეზობელია, ეს ცივილიზებული სამყაროს სწორ გაგებაში არ შედის. ნებისმიერ სახელმწიფოს ძლიერი და უსაფრთხო მეზობელი უნდა აწყობდეს, ამიტომ, ამ შემთხვევაში პუტინის განცხადებას ვიღებთ, როგორც კრემლის აქამდე არსებული პოლიტიკის გაგრძელებას. ამ თემაზე პასუხი გუშინ, პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე სტოლტენბერგმა გასცა, რომ ნატო-ს გაფართოებაზე გავლენას ვერანაირი მესამე ქვეყანა ვერ მოახდენს. ჩვენ ნატო-სკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ, რაც ხელს გვიწყობს იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ და ისეთი საგარეო კურსი გავატაროთ, რაც ქართველი ხალხის არჩევანია. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გარდაუვალი პროცესია და ამას კრემლიც უნდა შეეგუოს, რადგან მისი ქვეყნისთვის უმჯობესია, ცივილიზებული მეზობელი ჰყავდეს, რაც არსებულ რისკებს შეამცირებს, რომელიც შეიძლება მომავალში მსოფლიოში წარმოიშვას“, – განაცხადა სესიაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს ურჩევს, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლო შედეგებზე დაფიქრდნენ.