ირაკლი სესიაშვილი - საქართველო დემოკრატიულობით და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებით ნატო-ს წევრობისთვის მზად არის
საქართველო თავისი რეფორმებით, დემოკრატიულობით და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებით ნატო-ს წევრობისთვის მზად არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს, რათა ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.
„ახალი არაფერი არ არის. ყველა კარგად ვხვდებით, რომ საქართველო თავისი რეფორმებით, დემოკრატიულობით და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებით ნატო-ს წევრობისთვის მართლაც მზად არის. როდესაც მეკითხებიან, საქართველო ნატო-ს წევრი როდის უნდა გახდეს, ჩემი პასუხია, რომ ამისთვის დღესვე მზად არის. ყველას კარგად გვესმის, რომ ამას ნატო-ს ყველა წევრის პოლიტიკური თანხმობა სჭირდება. მათი პოლიტიკური თანხმობა მათ საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეყრდნობა. ცხადია, დღის წესრიგში მთავარ ამოცანად რჩება ის პოლიტიკური ნება, რასაც ველოდებით. ეს მოლოდინი მწიფდება იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყანა პროგრესირებს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.