ირაკლი სესიაშვილი - სამხედრო სამსახურის მიზანმიმართულ თავის არიდებაზე „გირჩის“ მცდელობა უპასუხისმგებლო მოქმედებაა
ირაკლი სესიაშვილი - სამხედრო სამსახურის მიზანმიმართულ თავის არიდებაზე „გირჩის“ მცდელობა უპასუხისმგებლო მოქმედებაა

ჩვენ არ ვართ ძალა, რომელიც უზრდელი და თავხედი პოლიტიკოსების ქმედებებზე ან განცხადებებზე რეაგირებას ახდენს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „გირჩის“ ლიდერის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხი არის კომპლექსური თემა და საჭიროა რეფორმის გატარება, რაზეც პოზიციები მეტნაკლებად შეჯერებულია .

„ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ამოცანა არის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოვემსახუროთ, მეორე მხრივ ახალგაზრდებს მაქსიმალურად მოვუხსნათ დისკომფორტი. „გირჩის“ ასეთი მიდგომა და მცდელობა, რომ გვერდის ავლით და მოტყუებით, კანონის გარკვეული ხარვეზების გამოყენებით, მიზანმიმართულად წავიდნენ სამხედრო სამსახურის თავის არიდებისკენ, არის უპასუხისმგებლო მოქმედება, მაგრამ მეც არ გავურბივარ იმ პრობლემატიკას, რომელიც არის გაწვევის სისტემაში, წვევამდელების ყოფნა ზოგიერთ უწყებაში გამართლებული არ არის“, – განაცხადა სესიაშვილმა.

დეპუტატი აცხადებს, რომ ამ საკითხზე მისი და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის პოზიციები შეთანხმებულია, რომ პენიტენციურ სისტემაში ეტაპობრივად საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლა მოხდეს.

„ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ „გირჩი“ სამხედრო სავალდებულო სამსახურის კუთხით სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა.

ღარიბაშვილს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ „ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც „ასავალ-დასავალის“ მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი“.