ირაკლი სესიაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იქნება კარგი სახელმძღვანელო, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მეტი ვიმუშაოთ
ირაკლი სესიაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იქნება კარგი სახელმძღვანელო, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მეტი ვიმუშაოთ

ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშს ყურადღებით ვეცნობით, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიშის კრიტიკული შენიშვნები, უფრო მეტად იმ განცხადებების კონსტატაციაა, რომელსაც ოპონენტები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები აკეთებენ.

„ძირითადად, რაც იქ კრიტიკული შენიშვნები ან შეფასებებია, უფრო მეტად კონსტატაციაა განცხადებებისა, რომელსაც აკეთებენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რაც შეიძლება იყოს სუბიექტური და შეიძლება, ობიექტურიც. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის საერთო ჯამში საყურადღებოა და ჩვენმა მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის, რა ვითარებაა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით პროგრესი სახეზეა, თუმცა, სადაც დემოკრატია სწრაფად ვითარდება, ყველაფერი მეტად ჩანს.

„ვფიქრობ, პროგრესი სახეზეა, თუმცა იქ, სადაც დემოკრატია სწრაფად ვითარდება, ეს ყველაფერი უფრო მეტად ჩანს. ამიტომ, ამ პროცესში ჩვენ ვართ კონსტრუქციული. ჩვენ თითოეულ ასეთ განცხადებაზე ვახდენთ რეაგირებას და ჩვენი, ხელისუფლების ინტერესია, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები იყოს დაცული. შესაბამისად, ესეც იქნება ერთი კარგი სახელმძღვანელო, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, მეტი ვიმუშაოთ“, – განაცხადა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა.