ირაკლი სესიაშვილი – რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს აგრძელებს, ამ შემთხვევაში, ჰიბრიდული მეთოდებით
საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ თავის აგრესიულ ქმედებებს აგრძელებს, ამ შემთხვევაში, ჰიბრიდული მეთოდებით.
ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი საგარეო უწყებაში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კიბერთავდასხმით საერთაშორისო სამართალი ირღვევა.
მისი თქმით, კიბერთავდასხმის ობიექტები იყო სახელმწიფო სტრუქტურები, კერძო კომპანიები და მედია საშუალებები.
„მათი მიზანია, ერთის მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის შეფერხება და ამით საზოგადოების დაშინება. ამ საფრთხეებსა და რისკებს მომავალშიც ვხედავთ. სახელმწიფო აუცილებელ ნაბიჯებს დგამს, რომ კიბერთავდასხმის ნეიტრალიზაცია შეძლოს, თუმცა ასეთ გამოწვევებთან ბრძოლა რთულია და ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ პარტნიორებთან. დარწმუნებული ვარ, ჰიბრიდული თავდასხმებისგან ქვეყნის დაცვას კიდევ უფრო მეტად მოვახერხებთ. გამოძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი, რომ კიბერთავასხმის ავტორი ვამხილეთ, რომელიც პოლიტიკურად არის კრემლი. ეს არის თავდაცვის სამინისტროს რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო. ეს პოლიტიკურად რუსეთისთვის მორიგი, მძიმე ბრალდებაა იმდენად, რამდენადაც ამას საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებას დაუთმობს და ამაზე რუსეთს პასუხის გაცემა მოუწევს. ეს ჩვენთვის პრევენციულ ღონისძიებებს ნიშნავს”, – განაცხადა სესიაშვილმა.