ირაკლი სესიაშვილი - როდესაც პირადი ცხოვრებით შანტაჟის თემაზე საუბრობენ და მსხვერპლს არ ასახელებენ, ავტომატურად ვხდებით პოტენციური ობიექტი, რაც არასწორია
ირაკლი სესიაშვილი - როდესაც პირადი ცხოვრებით შანტაჟის თემაზე საუბრობენ და მსხვერპლს არ ასახელებენ, ავტომატურად ვხდებით პოტენციური ობიექტი, რაც არასწორია

პირადად მე, არავინ მაშანტაჟებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა დეპუტატი უნდა გამოვიდეს და ეს თქვას, არ მგონია, ეკა ბესელიას განცხადება სწორი იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, არ სმენია ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით აშანტაჟებენ.

„ეს ინფორმაცია ეკა ბესელიას საიდან აქვს, არ ვიცი. ეს ინფორმაცია არ მსმენია. ჩემთვის ასეთი განცხადება მოულოდნელი იყო. თუ ვინმე ვინმეს აშანტაჟებს, ეს პარლამენტის წევრი იქნება, თუ სხვა,  უმკაცრესად უნდა მოვექცეთ, სამართალდამცავებიც და საზოგადოებაც. კოლეგებს ვურჩევ, როცა ასეთ მგრძნობიარე თემაზე საუბრობენ და არ ასახელებენ, მსხვერპლი ვინ არის და აქვთ თუ არა მათგან თანხმობა, ამაზე რომ საუბრობენ, ამით ავტომატურად ვხდებით პოტენციური ობიექტი, რაც სწორი არ არის“, – განაცხადა სესიაშვილმა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ დღეს განაცხადა, რომ გარკვეული პირების პირადი ცხოვრებით შანტაჟი ახლაც ხდება. ამასთან ეკა ბესელია დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ კონკრეტული ინფორმაციის გასაჯაროება არ სურს.

დატოვე კომენტარი