ირაკლი სესიაშვილი - ქვეყნის შიგნით და გარეთ არიან ძალები, რომელთაც სახელმწიფოს დასუსტება სურთ
ირაკლი სესიაშვილი - ქვეყნის შიგნით და გარეთ არიან ძალები, რომელთაც სახელმწიფოს დასუსტება სურთ

ქვეყნის შიგნით და გარეთ არიან ძალები, რომელთაც სურთ, ამ სახელმწიფოს დასუსტება, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მოძრაობის ცალმხრივად ჩაკეტვასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები რბილი ძალის გამოყენების მაჩვენებელია.

„რაც ბოლო პერიოდში მოხდა, არის პირდაპირი მაჩვენებელი რბილი ძალის გამოყენების. ეს რუსეთის მხრიდან აშკარაა, თუმცა ის, რასაც დღეს ოპოზიცია, რევანშისტები აკეთებენ, შეიძლება, მათ თავიანთი პოლიტიკური მიზნები ჰქონდეთ, მაგრამ უნისონში არიან ამ პროცესში. რაც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება, ეს არის შესუსტებისკენ კიდევ დამატებით გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ვანდალიზმი, როცა საკუთარ მოქალაქეებს იზოლაციაში აქცევ იმ ვითარებაში, როცა ადამიანებს ერთმანეთთან სურთ ურთიერთობა, ვაჭრობა“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, მოქალაქეებს ამ პროცესში ხელს უშლიან.

„ეს არის ჩვეულებრივი რბილი ძალა, რომელსაც სამწუხაროდ, ვხვდებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ნაწილობრივ ჩაკეტვა განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა.