ირაკლი სესიაშვილი - პროექტი, რომელიც პანკისის ხეობაში ხორციელდება, საერთო ინტერესისაა და მცირედი ზიანის მომტანიც არ არის
ირაკლი სესიაშვილი - პროექტი, რომელიც პანკისის ხეობაში ხორციელდება, საერთო ინტერესისაა და მცირედი ზიანის მომტანიც არ არის

პოლიცია მოქმედებდა აბსოლუტურად კანონიერად, დაუშვებელია პროტესტი იმ ფორმით, რაც ვნახეთ,  – ამის შესახებ პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცხელ გულზე დასკვნების გამოტანა ნაადრევია, პირველ რიგში, აუცილებელია სიმშვიდის უზრუნველყოფა.

„პოლიცია მოქმედებდა აბსოლუტურად კანონიერად. დაუშვებელია პროტესტი იმ ფორმით, რაც ვნახეთ. ეს იყო პირდაპირი აგრესია, იყო პოლიციის მიმართ გამოყენებული ძალა – ქვების სროლა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. პოლიციელისთვის ნასროლი ქვა, ეს ნიშნავს ესროლო ქვა სახელმწიფოს. მაშინ, როდესაც პროექტი, რომელიც ხორციელდება, არის საერთო სახელმწიფო ინტერესის“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ჰესის მშენებლობის პროექტი არაერთხელ განხილულა.

„აქაც კარგად უნდა გავიაზროთ, რომ არსებობს გონიერების ფარგლები. ამ გონიერების ფარგლებში ვამბობთ, მოსახლეობასთან  არაერთხელ, რამდენჯერმე ყოფილა შეხვედრები, განხილვა ამ პროექტისა და ეს არის სასარგებლო პროექტი. ჩვენ ახლა არ ვართ იმ პირობებში, რომ უარი ვთქვათ  ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებაზე. ჩვენ გვაქვს რესურსი, ეს არის ჰიდროელექტროსადგურების განვითარების პოტენციალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არის წუხილები, რაც საზოგადოებას აქვს, მაგრამ აქაც ექსპერტებისა და მთელი სამინისტროს ჩართულობით ყველა ინფორმირებულია, რომ ეს პროექტი არ არის რამე მცირედი ზიანის მომტანიც კი“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი შეფასებით, ეს არის  მწვანე პროექტი, რაც გულისხმობს, რომ ეკოლოგიას არანაირი ზიანი არ მიადგება.

„არ არსებობს არგუმენტი, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც, რომელიც ეფუძნებოდეს რამე შფოთვას, რომ ამ პროექტის განხორციელებამ რამე ზიანი შეიძლება, მოიტანოს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დეპუტატმა ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„ჩვენ არ ვართ ხელისუფლება, რომელთანაც საუბარი ღირს ქვებითა და ცეცხლის გაჩენით. ყველაფრის ანალიზი მოგვიანებით, ცივ გულზე გაკეთდება და მათ შორის, ამ აგრესიის გამომხატველებს, ცხადია, სახელმწიფომ კანონიერი პასუხი უნდა გასცეს. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ჩართულობით, ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნდება, რომ ეს პროექტი საერთო ინტერესებისაა. აქ არ არსებობს ჩემი და შენი, ან მარტო მე მინდა. არსებობს სახელმწიფო ინტერესები და გონიერი მიდგომა, რომ ეს ხომ არ გამოიწვევს რამე ზიანს. ჩვენ აქ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, არა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, პროექტმა მთელი რიგი  ექსპერტიზა გაიზარა და მხოლოდ პოზიტიური შედეგის მოლოდინია.

„მით უმეტეს, როდესაც ეს კომპანია მიღებული შემოსავლებით დააფინანსებს, როგორც ადგილობრივ ფონდს, ასევე მილიონამდე ლარს ყოველწლიურად ადგილობრივ ბიუჯეტში შეიტანს, რაც ისევ და ისევ, საერთო ინტერესების მატარებელია. ვფიქრობ, საზოგადოების კარგად ესმის, რომ ასე საერთო ინტერესებს ვერ დავიცავთ. არ არის საუბარი რომელიმე ინვესტორის ან ხელისუფლების ინტერესზე, აქ არის საუბარი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე. ეს უსაფრთხოება კი, განაპირობებს ზოგადად, ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

კითხვაზე, მომხდარი ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია თუ მიზანმიმართული ქმედებაა, დეპუტატი ამბობს, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ადგილობრივებთან, შესაბამისად, კომუნიკაციის ნაკლებობა არ იკვეთება.

„მანამდეც საუბარი იყო ადგილობრივ მოსახლეობასთანაც. ბოლო 10 დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ მოსახლეობასთან. მათ შორის ჩართული იყვნენ მინისტრები, ამიტომ აქ ვერ ვხედავ კომუნიკაციის ნაკლებობას. პირიქით, სახელმწიფომ ყველა შესაძლებლობა გამოიყენა. სამწუხაროდ, ადგილზე არიან ჯგუფები, რომელთაც უარგუმენტოდ აქვთ წინააღმდეგობა გამოხატული და ასეთი ფორმით ესაუბრო სახელმწიფოს და ქვა ესროლო, ვფიქრობ, ეს წითელის ხაზის გადაკვეთა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, ის გუბერნატორთან და სხვა პირებთან ერთად, უკვე გზაშია და პანკისში მიდის.

„ბუნებრივია, მზად ვართ, ჩვენს თანამოქალაქეებს გავესაუბროთ და ასევე სიმშვიდისკენ მოვუწოდოთ. მათ შორის, ჩემი პირადი ინტერესია, რომ პოლიციელებიც გავამხნევოთ“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დღეს მორიგი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.

პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

დატოვე კომენტარი