ირაკლი სესიაშვილი - პრემიერობის კანდიდატისგან ეკონომიკურ წინსვლაზე ორიენტირებულ პროგრამას ველოდებით, რომელიც მოსახლეობაზე პირდაპირ აისახება 
ირაკლი სესიაშვილი - პრემიერობის კანდიდატისგან ეკონომიკურ წინსვლაზე ორიენტირებულ პროგრამას ველოდებით, რომელიც მოსახლეობაზე პირდაპირ აისახება 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე ორიენტირებულ პროგრამას ველოდებით, რომელიც  მოქალაქეების ეკონომიურ მდგომარეობასა და ცხოვრებაზე აისახება, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ თავადაც ისაუბრა ძირითად მიმართულებებზე.

„ახალი სამთავრობო პროგრამა, რომელსაც ჩვენ ველოდებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან, არის ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება, რომელიც პირდაპირ უნდა აისახოს მოსახლეობაზე“, – განაცხადა სესიაშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზეც უნდა აისახოს.

„საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას აქვს სერიოზული საერთაშორისო წარმატებები, თუმცა ჩვენ ამ მაჩვენებლებს ვერ დავჯერდებით, რადგან მოსახლეობასაც ეზრდება მოთხოვნილებები. ასევე, ვხედავთ სოციალურ პრობლემებს. ჩვენი მიზანია, ეკონომიკურ პრობლემებს სწრაფად და ადეკვატურად ვუპასუხოთ“ – აღნიშნა სესიაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, პრემიერობის კანდიდატისგან ელოდებიან  ეკონომიკურ წინსვლაზე ორიენტირებულ პროგრამას, რომელიც რეფორმებსა  და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან ერთად, მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობასა და ცხოვრების დონეზე აისახება.

დეპუტატის განმარტებით, სამთავრობო პროგრამასა და  მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობას მამუკა ბახტაძე რამდენიმე დღეში წარადგენს, რის შემდეგაც პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები დაიწყება. კომიტეტებში განხილვის შემდეგ კი, ნდობის გამოცხადებაზე პარლამენტის სხდომაზე იმსჯელებენ.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა.  მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ის პარლამენტში საკუთარი ხედვით წარდგება და დაასახელა ოთხი ძირითადი პრინციპი, რასაც მისი ხედვა ეფუძნება.  ოთხიდან ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი განათლებას, ინოვაციას და ახალგაზრდობას ეხება. მისი თქმით, განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება.