ირაკლი სესიაშვილი - პარტნიორებისგან მივიღეთ შემოთავაზება, გვქონოდა პირდაპირი კომუნიკაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან ვრჩებით პირისპირ
ირაკლი სესიაშვილი - პარტნიორებისგან მივიღეთ შემოთავაზება, გვქონოდა პირდაპირი კომუნიკაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან ვრჩებით პირისპირ

ჩვენთვის ძალიან რთული იყო ამ შეხვედრაზე მონაწილეობა, თუმცა, როცა ვსაუბრობთ დეოკუპაციაზე და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაზე, აქვე უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორების აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პირდაპირი კომუნიკაცია პარტნიორების შეთავაზება იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთთან პირისპირ რჩება.

„მნიშვნელოვანი სიგნალები მივიღეთ პარტნიორებისგან, მათი შემოთავაზება იყო, გვქონოდა პირდაპირი კომუნიკაცია. ბუნებრივია ,არსებობს მკაფიო წითელი ხაზები და აქ კითხვის ნიშნები ვერასდროს დადგება, მაგრამ ეს კომუნიკაცია საჭიროა იმისთვის, რომ ყველა გზა გამოვიყენოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების მიღწევისთვის, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელება. მოლოდინებზე საუბარი ნაადრევია. ეს რჩევა წამოსული იყო მოკავშირეების მხრიდან და მთავარი აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ პირდაპირი კომუნიკაცია ყოფილიყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთთან ვრჩებით პირისპირ, არავითარ შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შესახებ კონსულტაციები შედგა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან. „გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი. ჩვენ ვიმსჯელეთ ყველაფერზე, ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია, უკანონო ბორდერიზაცია, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, მათ შორის რაც არის დაკავშირებულ ჟენევის მოლაპარაკებებთან, საქართველოს პოზიციასთან და რუსეთის დამოკიდებულებასთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.