ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში მინისტრების მოსმენა შინაარსზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა ფორმაზე
ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში მინისტრების მოსმენა შინაარსზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა ფორმაზე

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრების მოსმენა უფრო მეტად შინაარსზე უნდა იყოს ორიენტირებული, ვიდრე ფორმაზე.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნას გამოეხმაურა, რეგლამენტის დარღვევის გამო ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

დეპუტატის თქმით, არასასიამოვნოა, როცა უფრო მეტად დავა მიდის მინისტრის მოსმენის ფორმაზე და არა – შინაარსზე.

„თუ რეგლამენტის მთავარი არის, რომ მთავრობა ანგარიშვალდებული იყოს პარლამენტის წინაშე, მთავრობა ამ ნაწილში საკუთარ ვალდებულებას ასრულებს, ფინანსთა მინისტრი პარლამენტში რამდენიმე დღის წინ წარდგა. თუ ფორმაზე ვსაუბრობთ, რეგლამენტის მიხედვით, ნებისმიერ ოპოზიციონერს უფლება აქვს, მინისტრის მისვლა კომიტეტის სხდომაზე მოითხოვოს და მაშინ, ეს ფორმა დარღვეულია. მირჩევნია, რომ ორიენტირებული ვიყოთ შინაარსზე. როცა მინისტრი აქ იყო, თუ რამე მნიშვნელოვანი კითხვა ჰქონდათ, დროულად უნდა გაჟღერებულიყო და არა ის, რომ კომიტეტის სხდომაზე მოსვლა მეორე დღეს მოეთხოვათ. საერთო ჯამში, ეს სურათი სასიამოვნო არ არის. დიალოგი ორიენტირებული უნდა იყოს ზომიერ შეთანხმებაზე, რითაც არც რეგლამენტი უნდა დაირღვეს და არც შინაარსი უნდა დაზიანდეს”, – განაცხადა სესიაშვილმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი 24 თებერვალს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.