ირაკლი სესიაშვილი - მარნეულში არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა
ირაკლი სესიაშვილი - მარნეულში არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა

მარნეულში არჩევნები ძალიან მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ოპონენტებს გამიზნული ჰქონდათ, როგორმე დარღვევები აღმოეჩინათ.

„შეიძლება ითქვას, ჩვენი ოპონენტები ფეიკდარღვევებზე მუშაობდნენ. მათ გამიზნული ჰქონდათ, როგორმე დარღვევა აღმოეჩინათ, მაგრამ კომისიების სანაქებოდ უნდა ითქვას, ადმინისტრაციებმა ძალიან კარგად იმუშავეს. პირველ რიგში, ამომრჩეველმა დაინახა, რომ არჩევნები თავისუფალი იყო. რაც შეეხება დარღვევებს, რამდენიმე დამკვირვებელი დათხოვილი იქნა კომისიიდან. ძირითადი მიზეზი იყო ხელის შეშლა, ერთ-ერთი მათგანის განცხადებაზე კომისიის 12 წევრიდან 11-მა ხელი მოაწერა, რაც მიანიშნებს, რამდენად აშკარა იყო ამ ადამიანის მხრიდან ხელის შეშლა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, გარკვეულ უბნებზე, ოპონენტების კომისიის წევრებმა საერთოდ არ მიიღეს კომპეტენციების განაწილებაში მონაწილეობა.

„ეს მეტყველებს, რომ თავიდანვე სტრატეგიული მიმართულება ჰქონდათ იქითკენ აღებული, რომ ისეთი ფონი შეექმნათ, მთლიანი პასუხისმგებლობა დაეკისრებინათ ადმინისტრაციაზე და ხელი გამოეშვირათ „ქართული ოცნებისკენ“. კარგია, რომ ჟურნალისტები აკვირდებოდნენ არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, საერთო ჯამში, საარჩევნო პროცესმა  მშვიდად, თავისუფალ გარემოში ჩაიარა.

„დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა მარნეულში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე.

საქართველოში დღეს გამართულ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია.

დატოვე კომენტარი