ირაკლი სესიაშვილი - მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს
ირაკლი სესიაშვილი - მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს

მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ადამიანურ თუ სხვა რესურსს, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

სესიაშვილის თქმით, მათთვის ღირებულია, რომ პრეზიდენტს მას არ ჰქონდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მმართველ პარტიასთან.

„საპრეზიდენტო არჩევნები კარს არის მომდგარი და ვიმსჯელებთ, რა ფორმით ჩავერთვებით ამ არჩევნებში. ეს ყველაფერი კანონმდებლობის ფარგლებში მოხდება.

რადგან განვაცხადეთ, რომ მხარს დავუჭერთ სალომე ზურაბიშვილს, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ადამიანურ თუ სხვა რესურსს იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ქალბატონმა სალომემ გაიმარჯვოს.

ბუნებრივია, ზოგადად აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენ ერთიან პოზიციებს დავიცავთ.

ვფიქრობ, კითხვა, თუ რატომ ვუჭერთ მხარს, არასწორია. რატომ არ უნდა დავუჭიროთ, უფრო სწორი იქნება. ასე რომ, დავსვათ ეს კითხვა, ქალბატონ სალომეს გარდა იმისა, რომ აქვს უნიკალური გამოცდილება, ის არის ძალიან პრინციპული ადამიანი. ჩვენთვის ღირებულია, რომ პრეზიდენტი იყოს არა „ქართული ოცნებიდან“, ანუ მას არ ჰქონდეს ჩვენთან მიმართებაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და მხარდაჭერას დამოუკიდებელ კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

 

 

დატოვე კომენტარი