ირაკლი სესიაშვილი – კახელ გლეხებს მინდა დავპირდე, რომ ოქრუაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ რთველს ცეცხლითა და მახვილით ვერასოდეს ჩაატარებენ
ჩემს კახელ გლეხებს მინდა დავპირდე, რომ ოქრუაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ცეცხლითა და მახვილით რთველს ვერასოდეს ჩაატარებენ და ვერც ვენახის გაჩეხვას მოსთხოვენ კახელ გლეხებს, რომლებმაც წელს 285 მილიონი ლარის ყურძენი ჩააბარეს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ირაკლი ოქრუაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრას.
სესიაშვილი ამბობს, რომ მას კარგად ახსოვს 2006 წელს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, როცა ოქრუაშვილი კახეთში რთველის შტაბს ხელმძღვანელობდა და კახელ ფერმერებს დაემუქრა, თუ რთველის მიმდინარეობაზე რამე პრეტენზია ექნებოდათ, დააპატიმრებდა.
„მედიიდან შევიტყვე, რომ ოქრუაშვილი თავის გუნდს – ნაცმოძრაობას დაუბრუნდა. ეს ჩემთვის კიდევ ერთი ნიშანია, რა პოლიტიკური „მორალი“ აერთიანებთ ჩვენს ოპონენტებს. კახელ გლეხებს ვპირდები, რომ მათ დაიცავს საქართველოს სახელმწიფო, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ უდგას მმართველობის სათავეში. ეს არის განსხვავება, რომელიც ასევე ადეკვატურად აისახება არჩევნების მეორე ტურში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს სახლში ესტუმრა. მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც ირაკლი ოქრუაშვილი გრიგოლ ვაშაძეს სტუმრობისთვის მადლობას უხდის და ეუბნება: „როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, მე იქ პირადულს ყოველთვის ვივიწყებდი და ახლაც შევძლებ, დავივიწყო“.