გრიგოლ ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილს სახლში ესტუმრა - კარგი, მამაკაცური, ქართული საუბარი გვქონდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს სახლში ესტუმრა. მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც ირაკლი ოქრუაშვილი გრიგოლ ვაშაძეს სტუმრობისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა, ჩვენს ოჯახში სტუმრობისთვის, ჩემთვის პატივია. ვიცი, ეს რასაც უკავშირდება, შინაგანად ვაცნობიერებ იმას, რომ ქვეყანა ჩიხში არის შესული, საიდანაც გამოყვანა ჭირდება. თქვენ ამას რამდენად შეძლებთ, ბუნებრივია, ხალხზეა დამოკიდებული და მინდა, წარმატება გისურვოთ“, – უთხრა ოქრუაშვილმა ვაშაძეს.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ ოქრუაშვილთან საუბარია დიდი ხანია, სურდა.

„დიდი ხანია, ამის გაკეთება მინდოდა და მომეცა საშუალება. კარგი, მამაკაცური, ქართული საუბარი გვქონდა და ის ტაიმაუტი, რაც ავიღეთ, კარგი იქნება, დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ, შემდეგ ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც ჩვენს გონებას, გულს და სინდისს შეესაბამება. უღრმესი მადლობა ოჯახში მიღებისთვის, იმ დროისთვის, რაც ერთად გავატარეთ, რაც გავიხსენეთ, რაზეც ვილაპარაკეთ“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ოქრუაშვილი ვიდეოში გარკვეული გადაწყვეტილების მიღებაზე საუბრობს: „წარსულის რაღაც პერიპეტიებიდან გამომდინარე, ჩემთვის ადვილი არ არის იმ ნაბიჯის გადადგმა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ბუნებრივია, იმ წყენების, დაპირისპირებების გამო. ამაზე გარკვეული დრო დამჭირდება, ვიფიქრო. მაგრამ, ერთი რამეა, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, მე იქ პირადულს ყოველთვის ვივიწყებდი და ახლაც შევძლებ, დავივიწყო. დანარჩენი, ცოტა მაცადეთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენს ხალხს უნდა“.

ვაშაძის თქმით, არჩევნების მეორე ტურში არჩევანი მარტივია.

„მარტივი არჩევანი გვაქვს – ან აქ გაიზრდებიან ჩვენი ბავშვები, ან იოცნებებენ ემიგრაციაში წასვლაზე, რადგან ამ ე.წ. ხელისუფლების პირობებში, მათ ნორმალური ბავშვობა არ ექნებათ. მთავარია, ერთმანეთი გავიცანით, ეს კამპანია როგორც უნდა დამთავრდეს, ეს შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ვაშაძემ, რის შემდეგაც მას ოქრუაშვილმა მიმართა, რომ ერთი პირობა ექნება, მისი შვილები გაიზარდონ უკეთეს საქართველოში.

დატოვე კომენტარი