ირაკლი ქარსელაძე - პრემიერის შენიშვნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს არ ეხება, ნუ განვიხილავთ ისე, რომ მხოლოდ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი
ირაკლი ქარსელაძე - პრემიერის შენიშვნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს არ ეხება, ნუ განვიხილავთ ისე, რომ მხოლოდ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი

პრემიერ-მინისტრის შენიშვნა საკურორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს არ ეხება, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკურორტო ზონებში გაცილებით დიდი პოტენციალია და შესაბამისად, პროგრესი თვალსაჩინო უნდა იყოს.

„სამინისტრო არაფერ შუაშია, შენიშვნა არ შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს სფეროებია საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალი, კანალიზაცია. ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელიც ამ შემთხვევაში ურბანულ და ტურისტულ განვითარებებს აწარმოებს რეგიონებში და ხელს უწყობს მათი პოტენციალის ზრდას, არის სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, რომელიც კონკრეტულ პროექტებს ახორციელებს, ანუ არც ერთ ამ კომპონენტთან მიმართებაში შენიშვნა არ ყოფილა“, – განაცხადა ქარსელაძემ.

მისი თქმით, თითოეულ ტურისტულ ცენტრთან მიმართებაში ძალიან ბევრი გეგმა არსებობს.

„მაგალითად, მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმანში კონკრეტულ პროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს ურბანულ განვითარებას და ისტორიული შენობების რესტავრაციას, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს. ამასთან ერთად, როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, აბასთუმანში არ არის არც ერთი ბანკის ფილიალი, არ არის ბანკომატი. ეს არის საკითხები, სადაც კომპლექსური მიდგომებია საჭირო და როცა ტურიზმის განვითარებაზეა საუბარი, უნდა არსებობდეს საშუალება, ელემენტარულად, ადამიანმა ბარათიდან თანხის განაღდება შეძლოს“, – განაცხადა ქარსელაძემ.

როგორც მან აღნიშნა, განვითარება ცალმხრივად არ ხდება და ინვესტორმაც უნდა იაქტიუროს.

„ნუ განვიხილავთ ისე, რომ მხოლოდ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, უნდა იაქტიუროს მეორე მხარემაც და უნდა იაქტიუროს ინვესტორმაც, განვითარება ცალმხრივად არ ხდება. სახელმწიფო აწყობს იმ აუცილებელ ინფრასტრუქტურულ პირობებს, რომელზე დაყრდნობითაც კერძო სექტორმა უნდა განავითაროს“, – განაცხადა ქარსელაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყველას, ვინც პასუხისმგებელია საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, დღეს ბოლო გაფრთხილება მისცა. მისი თქმით, საკურორტო ზონების მზადყოფნის დონით უკმაყოფილოა.