ირაკლი ქარსელაძე - „განახლებული რეგიონების“ პროექტებზე სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთშიც აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, კერძოდ ონში, ამბროლაურში, ცაგერსა და ლენტეხში სამუშაოები მიმდინარეობს როგორც შენობებზე, ისე რეკრეაციულ სივრცეებში. ეწყობა პარკები და სკვერები, შესაბამისი აუცილებელი საინჟინრო სისტემებით, საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი ინფრასტრუქტურით, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ქარსელაძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან, პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ონში, ამბროლაურში, ცაგერსა და ლენტეხში მიმდინარე პროექტების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
პროგრამის ფარგლებში, ონში დაწყებულია დავით აღმაშენებლის მოედნის რეაბილიტაცია, ამბროლაურში – აღმაშენებლის ქუჩაზე და კოსტავას ქუჩაზე არსებული პარკების მოწყობა, ლენტეხში – თამარ მეფის და სტალინის ქუჩების, ხოლო ცაგერში რუსთაველის და კოსტავას ების განახლება.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის თქმით, რეგიონში პროგრამით დაფინანსებული ურბანული განახლების პროექტებზე აქტიური სამუშაოებია დაწყებული. ლენტეხში
მიმდინარეობს ცენტრალური ქუჩის, მოედნისა და მიმდებარე შენობების, მათ შორის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია.
„ამ პროგრამით ჩვენს მხარეში მივიღებთ ახალ რეკრეაციულ სივრცეებს, ახალ დასასვენებელ ადგილებს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს გახდის რეგიონს როგორც ტურისტებისათვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისათვის“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის
განვითარებას გულისხმობს.
პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც უკვე დაიწყეს მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები უკვე ყველა მუნიციპალიტეტში დაწყებულია.