ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მეგზევის პროფესიული დღის აღსანიშნავი ღონისძიება იმართება. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ 2019 წელს განხორციელებული სამუშაოებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, წელს აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მთავარი საგზაო მაგისტრალების ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზების პროექტები. ამ დროისთვის ჩქარონსული მაგისტრალების ნაწილში აშენებულია 208 კმ.გზა, სამუშაოები მიმდინარეობს 142 კმ-ზე და დამატებით სამშენებლო სამუშაოები დაიწყება 50 კმ-ზე. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პროექტებზე დასაქმებული ადამიანების 80 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იქნება.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, მიმდინარე წელს, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა რიკოთის უღელტეხილის ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე, ხელშეკრულება გაფორმდა პირველ- ჩუმათელეთის-ხევის მონაკვეთზე, სადაც მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მეოთხე შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სატენდერო პროცედურები ბოლო ეტაპზეა. ასევე, ხელშეკრულება გაფორმდა ქვეშეთი კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზე.
„2020 წელს დაგეგმილია ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის და ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 41 კმ-იანი ახალი ორი ზოლის მშენებლობის დასრულება, რაც ამ ორ ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისგან სრულად განტვირთავს“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმდინარე პროექტებზე დასაქმებულია 10 000 ადამიანი და მაგისტრალური პროექტების განვითარებასთან ერთად, ეს რიცხვი გაიზრდება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების, ისე კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით.