ირაკლი ქადაგიშვილი - შს მინისტრთან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კითხვა იქნება, რატომ ვერ მოხდა ძალადობის აღკვეთა 5 ივლისს
შს მინისტრთან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კითხვაც ეს იქნება, რატომ ვერ მოხდა ძალადობის აღკვეთა, – ასე უპასუხა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რატომ ვერ მოხერხდა ძალადობის აღკვეთა 5 ივლისის აქციაზე და რა კითხვები აქვს მმართველ გუნდს ვახტანგ გომელაურთან, რასაც პარლამენტში მისულ შს მინისტრს დაუსვამს.
„რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება ამასთან დაკავშირებით სამინისტროს და მინისტრის ახსნა-განმარტება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, დანარჩენი მნიშვნელოვანი კითხვები საგამოძიებო პროცესთან იქნება დაკავშირებული.
გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ნანახმა კადრებმა გაუჩინა თუ არა მას იმის განცდა, რომ ამ ყველაფრის მიღმა ორგანიზებული ჯგუფები იდგნენ, რომლებიც 5 ივლისს განვითარებულ პროცესებს ორგანიზებას უწევდნენ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ მას ეს განცდა გაუჩნდა, მაგრამ ეს ყველაფერი გამოძიებამ მტკიცებულებებით უნდა წარმოადგინოს.
„დიახ, გამიჩნდა და გამოძიება აქამდე უნდა მივიდეს, ყველა მტკიცებულება უნდა შეაგროვოს. იმიტომ, რომ ჩვენი სამართლებრივი სისტემა ბოლოს, სასამართლოში მიდის და სასამართლოში უნდა მოხდეს გამოძიების მყარი მტკიცებულებებით მისვლა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მედია აბსოლუტურად თავისუფალია და ის, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა, პოლიტიკური სპეკულაციაა.
„ახლა, აქაც პოლიტიკური სპეკულაცია მიდის, რომ ეს მმართველი გუნდის ინტერესებში იყო და ა.შ. საერთოდ წარმოუდგენელია, ასე უაპელაციოდ აკეთებდე ასეთ განცხადებებს. ამას ოპონენტებზე ვამბობ. როგორ შეიძლება, ჭკუათმყოფელმა ხელისუფლებამ თქვას, რომ ჟურნალისტებს თუ დავარბევთ, პირდაპირ თუ ირიბად, ვიღაცის ხელით, ეს ჩემ ინტერესებში შედის, როდესაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტელევიზიის გახსნას ნებართვა აღარ სჭირდება. ჩვენმა ლიდერებმა ე.წ. კრიტიკულად განწყობილ მედიაში დაიწყეს სიარული. ამით კეთილი ნება გამოვხატეთ, რომ ჩვენ მზად ვართ მედიასთან რეალური ურთიერთობისთვის. ეს ყველაფერი ხომ ფაქტია? დღეს, ქვეყანაში არც ერთ ბიზნესმენს არ ექმნება პრობლემა, ვისაც მედიაში ფინანსების ჩადება უნდა. ეს ყველაფერი ღიად და ნორმალურად კეთდება. მე შეიძლება, ერთი ტელევიზია არ მომწონდეს და მეორე მომწონდეს, ან მესამე, მაგრამ ეს სხვა ამბავია. ეს პოლიტიკა ღიაა, ნათელია და უპრეცედენტოდ თავისუფალი და დემოკრატიულია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ 5 ივლისს მომხდარი იყო გაუგონარი აგრესია და ძალადობა, რაც აბსოლუტურად, ტოტალურად დასაგმობია.