ირაკლი ქადაგიშვილი - პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მხრიდან გაკეთებული ნებისმიერი განცხადება საყურადღებოა
ირაკლი ქადაგიშვილი - პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მხრიდან გაკეთებული ნებისმიერი განცხადება საყურადღებოა

ჩვენთვის ყოველთვის საყურადღებოა პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მხრიდან გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას.

საუბარია განცხადებაზე, სადაც საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რომ ქვეყანაში რამდენიმე პოლიტიკური პროვოკაციული ფიგურის თუ მათი რევოლუციური სცენარის გამო გააუქმოს სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოებრივი წესრიგი.

„ჩვენთვის ყოველთვის საყურადღებოა პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მხრიდან გაკეთებული ნებისმიერი განცხადება. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ვერ დაუშვებს იმას, რომ ქვეყანაში რამდენიმე პოლიტიკური პროვოკაციული ფიგურის თუ მათი რევოლუციური სცენარის გამო გააუქმოს სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი და საზოგადოებრივი წესრიგი. ის, რაც მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის რა თქმა უნდა, მიუღებელი უნდა იყოს და არის კიდევაც საქართველოსთვის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არც ერთ ადამიანს არ ეკრძალება პოლიტიკაში თავისუფლად ჩართვა. მედია და ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. ყველანაირი შეკრება, ყველანაირი ქმედება, რაც კონსტიტუციით გარანტირებულია საქართველოში, მათ შორის სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოფილია. მაგრამ, რიდესაც გარკვეული პოლიტიკოსები ხედავენ, რომ კონსტიტუციური და კანონიერი გზებით ვერ აღწევენ გამარჯვებას და იწყებენ სახელმწიფო გადატრიალებისა და რევოლუციური სცენარების განხორციელებას, რა თქმა უნდა, იქ დემოკრატიას აქვს ლეგიტიმური, კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული უფლება, რომ ქვეყანა არ წაიყვანოს ქაოსის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.