ირაკლი ქადაგიშვილი - ნიკა მელია თვითონ ამბობს, ციხეში მინდა წასვლაო, ჩაფიქრებული აქვთ რევოლუციური სცენარის გათამაშება
ირაკლი ქადაგიშვილი - ნიკა მელია თვითონ ამბობს, ციხეში მინდა წასვლაო, ჩაფიქრებული აქვთ რევოლუციური სცენარის გათამაშება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას საქმით რევოლუციური სცენარის გათამაშება და ქვეყნის არევა სურს.

ქადაგიშვილის თქმით, ეს ისეთივე გათვლებია, რაც მათ არჩევნების გაყალბების თემით ჰქონდათ.

„მთავარი პროკურატურა ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე პარლამენტს თუ მიმართავს, ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. ეს პიროვნების არჩევანია პროკურატურასთან და სამართალთან მიმართებით, დათანხმდება გირაოს თუ კიდევ უფრო მძიმე ფორმას – თავისუფლების აღკვეთას. არც ერთი ადამიანი არ დგას სახელმწიფოზე, კანონსა და მოქალაქეებზე მაღლა. როგორც ყველამ, ისე უნდა აგოს პასუხი. ის რომ ასეთი პროვოკაციებით ქვეყანას არევენ, საზღვარგარეთს გადაგვკიდებენ, ისეთივე გათვლებია, რა გათვლებიც არჩევნების გაყალბების აბსურდული თემით ჰქონდათ. სახელმწიფოსა და კანონის ინტერესი ყველაზე მაღალია.

მელია ირჩევს და თვითონ ამბობს, ციხეში მინდა წასვლაო. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ დანაშაული ვიღაცის იმედზე არ უნდა ჩავიდინოთ. ნურც მელია ჩაიდენს დანაშაულს ვიღაცის იმედზე. გათვლა მარტივია – მათ პროვოკაციას მოჰყვეს სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა, დაძაბულობის მატება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარშემო. ჩაფიქრებული აქვთ რევოლუციური, დესტაბილიზაციის სცენარის გათამაშება. ზედაპირზე დევს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება. მელია აცხადებს, რომ თანხის გადახდას არ აპირებს.