ირაკლი ქადაგიშვილი - მოსალოდნელი იყო, რომ გიორგი გახარიას მიერ გადაწყვეტილებებიდან თავის არიდება გაგრძელდებოდა ადამიანებზე, რომლებიც გუნდში მისი რეკომენდაციით მოხვდნენ
ირაკლი ქადაგიშვილი - მოსალოდნელი იყო, რომ გიორგი გახარიას მიერ გადაწყვეტილებებიდან თავის არიდება გაგრძელდებოდა ადამიანებზე, რომლებიც გუნდში მისი რეკომენდაციით მოხვდნენ

მოსალოდნელი იყო, რომ გიორგი გახარიას მიერ გადაწყვეტილებებიდან თავის არიდება გაგრძელდებოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც გუნდში მისი პირადი რეკომენდაციით მოხვდნენ, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ექვსი დეპუტატის მიერ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია და უმრავლესობიდან წასული დეპუტატები იმ წარმატებების და პრობლემების მონაწილე იყვნენ, რომლებიც „ქართული ოცნების“ მუშაობას თან ახლდა.

„სამწუხაროა ის არათანმიმდევრულობა, რომელიც გიორგი გახარიამ გადწყვეტილების მიღების და გუნდის ერთიანი საქმიანობის დროს გამოიჩინა. მოსალოდნელი იყო, რომ მის მიერ გადაწყვეტილებებიდან თავის არიდება გაგრძელდებოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ გუნდში მისი პირადი რეკომენდაციით მოხვდნენ. შესაბამისად, ეს ნაბიჯი მათი მხრიდან პროგნოზირებადიც იყო.

ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება, რა პოლიტიკურ პლატფორმაზე დადგებიან, თუმცა ერთი რამეც უნდა ითქვას, გიორგი გახარია და ეს ადამიანები მონაწილე იყვნენ იმ წარმატებების თუ პრობლემებისა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მუშაობაში ახლდა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში. ისინი თანაზიარი უნდა იყვნენ იმ ყველაფრისა, რაც „ქართული ოცნების“ მიერ კეთდებოდა. ვნახოთ, მათი პოზიცია როგორი იქნება. ჩვენი პოზიციები პარლამენტში არის საკმაოდ მყარი, ხელისუფლებას მყარი უმრავლესობა აქვს და ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი დღის წესრიგით მუშაობას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას. „გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

დატოვე კომენტარი