ირაკლი ქადაგიშვილი - „ხადორი-3“ არის ჰესი, რომელსაც არანაირი არსებით ზეგავლენა ბუნებაზე არ გააჩნია, არაფერს აფუჭებს
ირაკლი ქადაგიშვილი - „ხადორი-3“ არის ჰესი, რომელსაც არანაირი არსებით ზეგავლენა ბუნებაზე არ გააჩნია, არაფერს აფუჭებს

ეს არის ჰესი, რომელსაც არანაირი არსებით ზეგავლენა ბუნებაზე არ გააჩნია, არაფერს აფუჭებს, – ამის შესახებ კახეთის რეგიონის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე კომენტარისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობას არაერთხელ განემარტა, რა სარგებელი ექნებოდა პანკისის ხეობის მოსახლეობას ჰესის მშენებლობისას და როგორც გუბერნატორი ამბობს, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ჰესის მშენებლობაზე თანხმობას აცხადებდა.

„უნდა ითქვას, რომ ბოლო წელიწადნახევარის განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრა ჩატარდა. ბოლო ათი დღის განმავლობაში ორჯერ იყო ძალიან ფართო შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ, რომელშიც მეც ვიყავი ჩართული. ყველანაირი ახსნა-განმარტება იქნა მიღებელი მოსახლეობის მიმართ, დაინეტერესებული პირების მიმართ. ეს არის ჰესი, რომელსაც არანაირი არსებით ზეგავლენა ბუნებაზე არ გააჩნია. არაფერს არ აფუჭებს. ჰესი ენერგეტიკული მდგრადობისთვის და უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

ამასთან, მოსახლეობას ასევე მრავალგზის განემარტა, რა პირდაპირი სარგებელი ექნებოდა მუნიციპალიტეტს, რეგიონს, უშუალოდ პანკისის ხეობის მოსახლეობას მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, როგორ იზრუნებდა კომპანია, ზოგადად სახელმწიფო. ასე რომ, მთლიანობაში, ძირითადად მოსახლეობა იყო თანახმა“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

გუბერნატორის განცხადებით, არის კიდე ჯგუფი, რომელიც ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, ამოჩემებულად იძახის, რომ ჰესი არ აშენდება.

„რეალური მიზეზი მათ ვერ მოჰყავთ გარდა აკვიატებული აზრისა და იმ ყოველგვარ ზღვარს გადასული დაპირისპირებისა და წაქეზებისა, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ. ეს არის დაუშვებელი სახელმწიფო და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მათი ქმედება ასევე დაუშვებელია პანკისის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ჰესის მშენებლობას აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა. დღეს პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.

პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.