ირაკლი ქადაგიშვილი - ISFED-ის არაკეთილსინდისიერი მონაცემები გახდა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ოპოზიციის მხრიდან, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი ლოზუნგი რამენაირად დასაბუთებულიყო
ირაკლი ქადაგიშვილი - ISFED-ის არაკეთილსინდისიერი მონაცემები გახდა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ოპოზიციის მხრიდან, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი ლოზუნგი რამენაირად დასაბუთებულიყო

არ მინდა, კელი დეგნანთან რაიმე პირად პოლემიკაში შევიდე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ნამდვილად ISFED-ის ორი მონაცემი პროცესების რადიკალიზაციისთვის საბუთად და მტკიცებულებად იყო მოტანილი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის განმარტებით, ოპოზიციას, როცა არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა, ფაქტებად მოჰქონდა სწორედ ISFED-ის მაჩვენებლები, რომლებიც მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ არასწორი იყო.

„ოპოზიციას როცა ეკითხებოდი, არჩევნებს გაყალბებულად რატომ თვლიდა და ხელში რა ფაქტი ეჭირა, ISFED-ის მაჩვენებლები მოჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ ეს ორივე მაჩვენებელი აბსოლუტურად არასწორი იყო. ეს არ იყო მხოლოდ მექანიკური შეცდომის შედეგი ან რაღაც სხვა, თითქოსდა, ეს იყო შეგნებულად გაკეთებული მონაცემები, რომელიც აცდენილი იყო რეალობას. ეს ისეთი ციფრები იყო, რომელიც არჩევნების ბედის ცვლილებას განაპირობებდა. თუ ეს ციფრები სინამდვილე იქნებოდა, ნიშნავდა, რომ შედეგი სხვანაირი იყო და არა ისეთი, როგორიც არჩევნების შემდეგ მივიღეთ. დაახლოებით თვენახევარი დაგვჭირდა, რომ ISFED იძულებული გამხდარიყო, ეთქვა, ეს ყველაფერი არ იყო სწორი. აქედან გამომდინარე, ეს არაკეთილსინდისიერი მონაცემები გახდა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ოპოზიციის მხრიდან, რომ მათი ლოზუნგი რამენაირად დასაბუთებულიყო“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ „ISFED-მა როგორც კი დაადასტურა, ადგილი ჰქონდა მცდარ პარალელურ დათვლას, რომელიც უმნიშვნელო სტატისტიკურ მაჩვენებლად ჩაითვალა, დაუყოვნებლივ აცნობა საზოგადოებას და ინფორმაცია სრულად გაავრცელა“. ამასთან, კელი დეგნანი რეალობის არასწორად წარმოჩენად მიიჩნევს განცხადებებს, რომ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები იყო მიზანმიმართული ან რევოლუციური სქემა.