ირაკლი ქადაგიშვილი - ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციის ყბადაღებული ნარატივი და მავნებლური პროპაგანდა, დაასანქცირეთ საქართველო, ტყუილსა და ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზეა აწყობილი
ირაკლი ქადაგიშვილი - ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციის ყბადაღებული ნარატივი და მავნებლური პროპაგანდა, დაასანქცირეთ საქართველო, ტყუილსა და ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზეა აწყობილი

ის, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესს პირნათლად იცავს, ეს დადასტურებულია სხვადასხვა ანგარიშით, მათ შორის ოფიციალური განცხადებებით როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე ევროკავშირის მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომ, როცა სახელმწიფო ინტერესზეა საუბარი, არ შეიძლება, გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელო.

„საქართველოში განხორციელებული ბოლო ვიზიტი ერთგვარი დადასტურება იყო იმის, რომ საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოებს მაღალ შეფასებას აძლევენ და მათ კონკრეტულად აინტერესებდათ, თუ როგორ ხორციელდება შესაბამისი ინსტიტუციის მიერ არსებული პოლიტიკის აღსრულება. მათთვის ეს გამოცდილება საინტერესო იქნება იმისათვის, რომ იმ ქვეყნებთან მიმართებით, ვისთანაც ეს კომისია მუშაობს ანალოგიურ საკითხებზე, ჩვენი გამოცდილება იყოს ერთგვარი გზამკვლევი და მაგალითიც, მით უმეტეს, როცა ხშირ შემთხვევაში საუბარია პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, რომელთაც შეიძლება დაახლოებით ანალოგიური ტიპის გამოცდილება ჰქონდეთ. რაც შეეხება ოპოზიციის ყბადაღებულ ნარატივს – დაასანქცირეთ საქართველო, ამას პირველივე დღიდან დაუღალავად იმეორებენ. ვიზიტმა კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ მათი მავნებლური პროპაგანდა თავიდან ბოლომდე ტყუილსა და ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზეა აწყობილი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ისინი ზნეს-ქცევას არ შეიცვლიან და იმავე სიჯიუტით გააგრძელებენ ქვეყნის წინააღმდეგ ამ პროპაგანდას. ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომ, როცა სახელმწიფო ინტერესზეა საუბარი, არ შეიძლება, გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელოს და მედიით პროპაგანდისტული სახე მისცეს, რადგან ეს ილექება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა არის ტრიგერი ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად. ამ ვიზიტმა დაადასტურა, რამხელა აცდენაა ქვეყნის ინტერესებში და როგორ არის დაშორებული ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების დაცვისგან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს 26 ივნისს ეწვივნენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’ სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი.

ვიზიტის ფარგლებში, ჯიმ ო’ბრაიენმა და კუმარ აიერმა დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ჯიმ ო’ბრაიენმა დღეს აღნიშნა: „საქართველოში შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან, ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა“. ამასთან, კუმარ აიერის თქმით, „მადლობელი ვართ ყველა ნაბიჯის გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა სანქციების გვერდის ავლის აღკვეთისთვის“.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა, „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“.