ირაკლი ქადაგიშვილი – დავით საყვარელიძის განცხადება არაკორექტულია, მათთვის საქართველო მხოლოდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზეა მნიშვნელოვანი, ქვეყანაზე ამდენი შეტევა ამით არის გამოწვეული
რომელიმე ქვეყნის მაგალითის გადმოტანა, როგორც წესი, უხეში და არასწორია, რამაც შეიძლება, კატასტროფამდეც მიგვიყვანოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა დავით საყვარელიძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტის. აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს ტერიტორიაც, შეიძლება, ლოგისტიკური ცენტრი გახდეს“.
„მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიო გადანაწილება იაპონიას ძვირი დაუჯდა. იაპონიის მასშტაბები საქართველოსგან განსხვავებულია. ვნახეთ, ირანისა და ამერიკის დაპირისპირებამ ყურეში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ამერიკული სამხედრო ბაზები არსებობდა წარმატებულ არაბულ ქვეყნებში, როგორებიცაა კატარი, ემირატები და ა.შ. კონფლიქტოს დროს ეს ქვეყნები ირანის დარტყმების სამიზნე გახდნენ. ანუ, საქართველო, შეიძლება, ზუსტად ისე აღმოჩნდეს ირანის სარაკეტო დარტყმების სამიზნე, თუ ჰიპოტეტურად ამ სცენარს განვიხილავთ. ამიტომ, როცა ასეთ საკითხებზეა საუბარი, ასეთი განცხადებები არაკორექტულია. ამ ადამიანების ფილოსოფია და დამოკიდებულება, ხომ იცით, რა არის უკრაინის ომთან დაკავშორებით? მათი პოზიციაა, რომ უკრაინის ომში საქართველოს ჩართულობით მოხდებოდა რუსეთის დამარცხების წინაპირობა და ამ ფონზე მათ ხელისუფლებაში მოსვლა წარმოუდგენიათ. მათთვის საქართველო მხოლოდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზეა მნიშვნელოვანი. მათთვის ქვეყანა არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. გახსოვთ, სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა როგორ ადვილად დათმო, რომ უკრაინაში პოლიტიკური კარიერა გაეგრძელებინა. მათთვის ეს ყველაფერი იმ პოლიტიკურ პროექტში მონაწილეობაა, რომელიც გარკვეული გლობალური ძალების ინტერესებს ემსახურება და ამ შემთხვევაში საქართველო გამოსაყენებელი ერთ-ერთი გეოდრონია, რომელიც თავს ჯერ არავის აყენებინებს. ქვეყანაზე ამდენი შეტევა და ზეწოლა სწორედ აქედან არის გამოწვეული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.