დავით საყვარელიძე – საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტის, აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს ტერიტორიაც, შეიძლება, გახდეს ლოგისტიკური ცენტრი

17:12, 30.06.2026

მინდა, ჩემი, როგორც ერთ-ერთი ქართველის, პატრიოტის მოსაზრება დარჩეს: ახლა საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მიაღწიოს იმას, რაზეც ყველანი ვოცნებობდით – პირდაპირ სამხედრო კონტრაქტს და ხელშეკრულებას შეერთებულ შტატებთან, შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მომავალში საქართველოს უსაფრთხოების გარანტის, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ და ამჟამად უკრაინაში მყოფმა დავით საყვარელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ალბათ დაიწყებს ლოგისტიკის გადალაგებას.

„აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან ასე თუ ისე დაპირისპირება მომავალში და საქართველოს პორტები, საქართველოს ტერიტორია, სომხეთის ტერიტორია, მათ შორის, აზერბაიჯანის ტერიტორიაც შეიძლება გახდეს ლოგისტიკური ცენტრი, როგორც თავის დროზე იყო იაპონია, მაგალითად, კორეისა და ვიეტნამის დროს შეერთებული შტატების მთავარი ლოგისტიკური ცენტრი, რამაც ააყვავა და ფეხზე დააყენა ისევ იაპონია. ვინც არ იცით, და ბევრმა ალბათ არ იცით, როდესაც მე ვსწავლობდი იაპონიაში, ყველა ჩემი პროფესორი ამას მიხსნიდა, რომ იაპონია დააქცია ომებმა, მაგრამ ააშენა ასევე ომებმა, როცა ჩვენ გავხდით კორეისა და ვიეტნამის ომში მთავარი დასაყრდენი და ლოგისტიკური ცენტრიო“, – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

დავით საყვარელიძე ამბობს, რომ საქართველოს სიდიდისნაირი ქვეყნისთვის, ამერიკასთან პირდაპირი კონტრაქტი, მისი შენაერთების განლაგება, არის ოცნება და ამის ხელიდან გაშვება იქნება ისტორიული სისულელე.

„საქართველოს სიდიდისნაირი ქვეყნისთვის ამერიკასთან პირდაპირი კონტრაქტი, ამერიკასთან ეკონომიკური კავშირი ამ დროს, იქ წარმოების გადატანა, იქ თავისი შენაერთების განლაგება იმისთვის, რომ რუსეთი ხვალ არ შემოვარდეს და საქართველო ისევ არ დაიპყროს, არის ოცნება და ამის ხელიდან გაშვება იქნება ისტორიული სისულელე.

ივანიშვილი, ბუნებრივია, ამაზე წამსვლელი არ არის, რადგან ფიზიკურად ეშინია პუტინის. ეშინია, იცის, რომ, მაგალითად, შარლ მიშელი ახლა მას ბალისტიკურ რაკეტას, შეიძლება, არ ესვრის. პუტინის ეშინია, ჰგონია, რომ ის ესვრის, მაგალითად, ისკანდერს მის სასახლეში და ამით დამთავრდება ყველაფერი. ამიტომ ფიზიკურ დაპირისპირებაში მასთან და არავისთან შესვლა არ უნდა. ამაზე ხელს არ მოაწერს თავისი პირადი უსაფრთხოების და ეკონომიკური, ფინანსური გაანგარიშების გამო“, – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

მსგავსი