ირაკლი ქადაგიშვილი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიატორის ფუნქცია ვიკისრეთ, ორივე ქვეყანასთან ნდობით აღჭურვილ ურთიერთობას ვინარჩუნებთ, ეს იმედს და საშუალებას გვაძლევს, კონფლიქტი ჩაცხრეს
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიატორის ფუნქცია ვიკისრეთ, ორივე ქვეყანასთან ნდობით აღჭურვილ ურთიერთობას ვინარჩუნებთ, ეს იმედს და საშუალებას გვაძლევს, კონფლიქტი ჩაცხრეს, – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
როგორც ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, საქართველო ორივე მხარის მიმართ კეთილმეზობლურ, სამართლიან პოზიციას იკავებს.
„რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მოყოლებული, საქართველოს ხელისუფლება სწორი პოზიცია დაიკავა და დრო აჩვენებს, რომ ეს იყო სწორი პოზიცია, როცა უკრაინას სრული სოლიდარობა გამოვუცხადეთ და ყველა დონეზე მხარი დავუჭირეთ; თუმცა, ამავე დროს, არავის მივეცით საშუალება, რომ საქართველო ამ სამხედრო კონფლიქტის მონაწილე ყოფილიყო.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მწვავე ესკალაციაა. საჯარო ინფორმაციით, სომხეთმა რუსეთს მიმართა, რომ კოლექტიური თავდაცვის ძალები იყოს გამოყენებული. სომხეთის მხარე ამბობს, რომ საბრძოლო მოქმედებები ორი ქვეყნის საზღვარზე მიმდინარეობს. ეს დაძაბულობას ზრდის. ამ პროცესში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობის კუნძულს კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში, ეს მდგომარეობა უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გარკვეული მედიატორის ფუნქცია ვიკისრეთ, როცა პრემიერის ჩართულობით ტყვეების გაცვლა და დანაღმული ტერიტორიების განაღმვა მოხდა. ორივე ქვეყანასთან ნდობით აღჭურვილ ურთიერთობას ვინარჩუნებთ. ეს იმედს და საშუალებას გვაძლევს, რომ ეს კონფლიქტი ჩაცხრეს და მას უფრო ფართო განვითარება არ მიეცეს. ორივე მხარის მიმართ კეთილმეზობლურ, სამართლიან პოზიციას ვიკავებთ. ყარაბაღის ბოლო ომის დროს არც ერთი მხარისთვის რაიმე სამხედრო პრეფერენცია არ გაგვიკეთებია, რადგან ორივე ჩვენი მეზობელია და მათ მიმართ კეთილგანწყობილი პოლიტიკა გაგვაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გარშემო ცხელი და დამანგრეველი ომი მიმდინარეობს, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ქვეყანა სამშვიდობოზე გავიყვანოთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.