ირაკლი ქადაგიშვილი - არესტოვიჩის ყველა განცხადება არის პოლიტიკური ავანტიურისტის განცხადება, რომლის მიზანია, რუსეთის აგრესიის დარტყმის ქვეშ რაც შეიძლება, მეტი ქვეყანა მოხვდეს
ირაკლი ქადაგიშვილი - არესტოვიჩის ყველა განცხადება არის პოლიტიკური ავანტიურისტის განცხადება, რომლის მიზანია, რუსეთის აგრესიის დარტყმის ქვეშ რაც შეიძლება, მეტი ქვეყანა მოხვდეს

არესტოვიჩის ყველა განცხადება არის პოლიტიკური ავანტიურისტის განცხადება, რაც მიზნად ისახავს, რაც შეიძლება, მეტი ქვეყანა იყოს ჩათრეული და რუსეთის აგრესიის დარტყმის ქვეშ მოხვდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოხდება.

„მისი განცხადებები, რომ ახლა საქართველოს შანსი აქვს, საომარი მოქმედებები გაშალოს და ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნოს, რეალურად ნიშნავს, რომ ჩვენს თავზე რუსული აგრესია გამოვიწვიოთ. რა თქმა უნდა, ეს არის პროვოკაციული განცხადებები.

რაც შეეხება იმას, საქართველო როგორ აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, ამაზე მყარი გაცხადებული პოლიტიკა გვაქვს. ეს მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რაც არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება და რომელიც ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობის ერთ-ერთი განმაპირობებელი დამოკიდებულებაა. აქედან გამომდინარე, არესტოვიჩის პროვოკაციული განცხადებები არ გვჭირდება. მით უმეტეს, მისი განცხადებებით მოქმედებას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის პირდაპირი გზავნილები იქითკენ, რომ საქართველოში რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესიის განხორციელება მოხდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, ალექსეი არესტოვიჩმა გუშინ განაცხადა, რომ „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

ალექსეი არესტოვიჩმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა: „საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს“.