ირაკლი ქადაგიშვილი არ გამორიცხავს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალოს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი არ გამორიცხავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალოს და ამ მიზნით „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მომზადდეს.
როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, არ შეიძლება, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ექვსი თვით ხდებოდეს და ის მუდმივი არჩევის მოლოდინში იყოს.
„დღეს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა კვლავ ექვსი თვით მოხდება, რადგან მისი ხუთი წლით არჩევა ვერ მოხდება. ამის მიზეზია პარლამენტში არსებული პოლიტიკური ვითარება. მიგვაჩნია, რომ ისეთი სახის რეგულაცია, რაც კანონმდებლობაში მოლაპარაკებების შედეგად ჩაიდო, კონტრპროდუქტიულია. ასეთივე წესი იყო გენერალური პროკურატურის არჩევაც. არ შეიძლება, ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები მუდმივი მოლოდინის რეჟიმში იყვნენ. მათ უნდა ჰქონდეთ მყარი და ხანგრძლივი არჩევის შესაძლებლობა. შეიძლება, კანონის ცვლილებაზე მსჯელობა იყოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
დღეს მოქმედი კანონით, პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეს ორი კენჭისყრის შედეგად ირჩევს. პირველ კენჭისყრაზე საჭიროა 100 ხმა, მეორე შემთხვევაში 76. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობით არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარეს უფლებამოსილებისთვის ექვსთვიანი ვადა აქვს. მსგავსი წესი მას შემდეგ შემუშავდა, რაც შარლ მიშელის შეთანხმების ფარგლებში პოლიტიკურმა მხარეებმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს. ეს წესი მოქმედებდა გენერალურ პროკურორზეც, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ეს ნორმა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ გააუქმა.