ირაკლი ქადაგიშვილი – ანდრია ჯაღმაიძემ საყურადღებო ინფორმაცია გაახმოვანა, ფაქტობრივად, საქართველოს საპატრიარქოზე პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობდა
კარგად ვხედავთ, ლგბტ თემა ევროპის გარკვეულ წრეებს მთავარ პოლიტიკურ საკითხად აქვთ აყვანილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომოტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„მამა ანდრიამ საყურადღებო ინფორმაცია გაახმოვანა. ფაქტობრივად, საქართველოს საპატრიარქოზე პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობდა, რათა ამ პოლიტიკური პროცესის ნაწილი ყოფილიყო. კარგად ვხედავთ, რომ ეს საკითხი ერთი სოციალური ჯგუფის საკითხი არ არის, ლგბტ თემა ევროპის გარკვეულ წრეებს მთავარ პოლიტიკურ საკითხად აქვთ აყვანილი. შეიძლება ითქვას, როცა საქართველოსთან მიმართებით მათი მხრიდან უსაფუძვლო პრეტენზიებს ვისმენთ, მათ ე.წ. კრიტიკაში ლგბტ პროპაგანდა ლიდერობს. საქართველოში ეკლესია მაღალი ავტორიტეტის მქონე რელიგიური და, ერთგვარად, სოციალური ინსტიტუციაა და მათ სურდათ, ეკლესია ამ საქმეში გამოეყენებინათ. თუ მოახერხებდნენ და ეკლესიის პირდაპირი ან ირიბი გამოყენება მოხდებოდა, რა თქმა უნდა, შემდგომში მისი მანიპულირება დაიწყებოდა პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის, ეს ომისა და მშვიდობის საკითხზეც აისახებოდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „2023 წელს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვთხოვა, ერთნაირსქესიანთა ქორწინებების პოპულარიზაციაში დავხმარებოდით, მიიჩნევდა, რომ ქართული საზოგადოება ტენდენციებს ჩამორჩა“. ამავე ინტერვიუში ჯაღმაიძემ ასევე განაცხადა: „2019 წელს კონფერენციაზე მიხაელ როთს ვკითხე, იქნება თუ არა მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს, მან გვითხრა, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო“.