ირაკლი ქადაგიშვილი - ანა ფოტიგას თუ სურს, გაარკვიოს, რატომ არის სააკაშვილი პატიმარი, უფრო ღრმად უნდა შეისწავლოს სააკაშვილის დროს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები
ირაკლი ქადაგიშვილი - ანა ფოტიგას თუ სურს, გაარკვიოს, რატომ არის სააკაშვილი პატიმარი, უფრო ღრმად უნდა შეისწავლოს სააკაშვილის დროს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება გააკეთა.

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, შეიძლება, ანა ფოტიგას ევროპარლამენტში იმდენი ვიზიტორი არ ჰყოლია, რამდენიც მიხეილ სააკაშვილს საკანში ჰყავს.

„აქედან გამომდინარე, კარგად უნდა შეხედოს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები კი არ ირღვევა, ალბათ უმაღლეს სტანდარტზეა. ის, რომ ხანდახან, მიხეილ სააკაშვილს პროვოკაციულად არ უნდა, მკურნალობა მიიღოს და ამით ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინოს, და მიუხედავად ამისა, ხელისუფლება მკურნალობას აწვდის, ადამიანის უფლებების დარღვევად ვერ ჩაითვლება. ანა ფოტიგას თუ უნდა, გაარკვიოს, მიხეილ სააკაშვილი პატიმარი რატომ არის, ალბათ მან უფრო სანგობრივად და ღრმად უნდა შეისწავლოს, მიხეილ სააკაშვილის დროს ადამიანის უფლებების ტოტალური და მასობრივი დარღვევის ფაქტები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილმა ანა ფოტიგას განცხადების ის ნაწილიც შეაფასა, სადაც ის სანქციებზე საუბრობს.

„რაც შეეხება სანქციების ნაწილს, რატომღაც, ოლიგარქის ტერმინი აქვს გამოყენებული – ძალიან კარგი იქნება, თუ ქალბატონი ფოტიგა იმ ადამიანის საქმიანობას შეხედავს, ვისზეც მას მგონი, ზერელე წარმოდგენა აქვს. ნახავს, ამ ადამიანის მიერ გაწეულ ქველმოქმედებას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისა და ყოფნის პერიოდში, ასევე მის მიერ გაკეთებულ სახელმწიფოებრივ, ჰუმანიტარულ დახმარებებს, მის ბოლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ისევე, როგორც მისი, როგორც ბიზნესმენის და ფილანტროპის საქმიანობას. ბიძინა ივანიშვილმა მთელი თავისი ქონება საქველმოქმედო ფონდს გადასცა. აქედან გამომდინარე, ანა ფოტიგას განცხადება არის არაინფორმირებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული. მხარდაჭერა სჭირდება ქვეყანას და არ სჭირდება პასუხისმგებლობას მოკლებული ინფორმაციულად ღარიბი და არასათანადოდ შესწავლილი ფაქტებით მანიპულირება. ანა ფოტიგას ასეთი განცხადებები ქვეყანას აზიანებს. ამიტომ კეთილი ინებონ, რომ საკითხში უფრო ღრმად ჩაიხედონ და ნახონ, რამდენი ვიზიტორი იყო სააკაშვილთან და შემდეგ ილაპარაკოს, რომ თურმე საქართველოში პატიმრის უფლება ირღვევა. შეადარონ, რა ხდებოდა საქართველოში პატიმრების, მედიის, სტრასბურგის სასამართლოს კუთხით და შემდეგ გააკეთოს ასეთი განცხადებები. რა თქმა უნდა, ყველა პარლამენტარი ფრთიანი ანგელოზი და ცის მაცხოვრებელი არ არის, ჩვეულებრივი ადამიანები და პოლიტიკოსები არიან, რომელთაც შეიძლება, არაინფორმირებულობის გამო ასეთი განცხადებები ჰქონდეთ და ასეთი განცხადება არა მარტო საქართველოს, არამედ ნებისმიერი პარლამენტის წევრს ჰქონდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს წერილი გაუგზავნა. ანა ფოტიგამ წერილის შინააარსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა. როგორც პოლონელი კანონმდებელი განმარტავს, ჯოზეფ ბორელისთვის გაგზავნილ წერილში კითხვები დასვა „საქართველოს ევროკავშირში განაცხადზე, ევროპულ ღირებულებებზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არასათანადო მოპყრობასა და რუსეთთან კავშირების მქონე ოლიგარქისთვის პერსონალური სანქციების დაწესების თაობაზე“.