ანა ფოტიგამ ჯოზეფ ბორელს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა
ანა ფოტიგამ ჯოზეფ ბორელს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა

შესაბამისობაშია მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და არასათანადო მოპყრობის პოლიტიკა ევროპული ღირებულებებისა და გაწევრიანების პროცესის ვალდებულებებთან? – ამ კითხვით ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს მიმართავს.

როგორც პოლონელი კანონმდებელი განმარტავს, ჯოზეფ ბორელისთვის გაგზავნილ წერილში კითხვები დასვა საქართველოს ევროკავშირში განაცხადზე, ევროპულ ღირებულებებზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არასათანადო მოპყრობასა და რუსეთთან კავშირების მქონე ოლიგარქისთვის პერსონალური სანქციების დაწესების თაობაზე. წერილის შინააარს ფოტიგა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს.

„3 მარტს, ქართველის ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნითა და 2003 წლიდან მოყოლებული საქართველოს ყველა მთავრობის ძალისხმევის საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც მტკიცედ მივესალმები.

პრინციპში, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ამ მხრივ, შეშფოთებული ვარ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობით, რაც ღრმად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებს. ვუერთდები უამრავ მოწოდებას, მოეპყრონ პრეზიდენტ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად და თავი შეიკავონ დამამცირებელი მოპყრობისა და პოლიტიკური შურისძიებისგან. მრავალმა დამოუკიდებელმა ინსტიტუციამ, ექიმმა და დიპლომატმა გამოთქვა სერიოზული შეშფოთება სასამართლო პროცესებთან და ციხეში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, წაქეზებულია ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელსაც გააჩნია კავშირები რუსეთში და საქართველოს მთავრობას არაფორმალურად აკონტროლებს. გარდა ამისა, ეს არაფორმალური კავშირები, უკრაინაში რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის ორაზროვან პოზიციას განაპირობებს.

1. შესაბამისობაშია მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და არასათანადო მოპყრობის პოლიტიკა ევროპული ღირებულებებისა და გაწევრიანების პროცესის ვალდებულებებთან?

2. ეთანხმება თუ არა უმაღლესი წარმომადგენელი, რომ მოლდოვის დეოლიგარქიზაციამ დადებითად შეუწყო ხელი ამ ქვეყანაში პოლიტიკურ რეფორმებსა და ევროკავშირში მის მომავალს? და თუ იზიარებს საერთო მოსაზრებას, რომ რუსეთთან კავშირების მქონე ცნობილი ქართველი ოლიგარქისთვის პირადი სანქციების დაწესება ანალოგიურ დადებით ეფექტს მოიტანს?“,- აღნიშნულია ანა ფოტიგას წერილში, რომლითაც ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მიმართავს.