ირაკლი ნადირაძე - დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი მაღალჩინოსნების ფუფუნებაზეა მორგებული და საერთო არ აქვს თბილისელების კეთილდღეობასთან
ირაკლი ნადირაძე - დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი მაღალჩინოსნების ფუფუნებაზეა მორგებული და საერთო არ აქვს თბილისელების კეთილდღეობასთან

ბიუჯეტის ზრდა მხოლოდ და მხოლოდ ბიუროკრატებს შეეხოთ და სხვას არავის, – ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ მერიას ქამრები შემოეჭირა და შეემცირებინა ბიუროკრატია, მათ 7 მლნ ლარით გაზარდეს სახელფასო ფონდი.

“ქვეყანაში კატასტროფულად არის გაძვირებული ყველაფერი. გუშინ ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას პური გაუძვირეს და ნაცვლად იმისა, რომ მერიას ქამრები შემოეჭირა, შეემცირებინა ბიუროკრატია, მათ კიდევ 7 მლნ ლარით გაზარდეს სახელფასო ფონდი ფულადი ჯილდოებისთვის. თანხა გაზარდეს თავიანთი მივლინებების, რესტორნების, მანქანების მომსახურების ხარჯები და მათ ასევე გაზარდეს სარეკლამო ხარჯები იმ ფონზე, როდესაც მაგალითად შეამცირეს ავარიული კორპუსების დაფინანსება. ეს ბიუჯეტი ისევ და ისევ მორგებულია მაღალჩინოსნების ფუფუნებაზე, მათ კარგად ყოფნაზე, მათ კეთილდღეობაზე და არაფერი საერთო არ აქვს ამას თბილისელების კეთილდღეობასთან, მათი პრობლემების მოგვარებასთან. ფაქტობრივად, ბიუჯეტის ზრდა მხოლოდ და მხოლოდ ბიუროკრატებს შეეხოთ და სხვას არავის”, – განაცხადა ნადირაძემ.

თბილისის საკრებულოში დღეს დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი შევიდა, რომელიც პირველ ვარიანტთან შედარებით 56 000 000 ლარით არის გაზრდილი.