თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი შევიდა
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი შევიდა

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი შევიდა.

როგორც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადამუშავებული ვარიანტი პირველ ვარიანტთან შედარებით 56 000 000 ლარითაა გაზრდილი.

ზარქუას თქმით, გადამუშავებულ ვარიანტში საკრებულოს უმრავლესობის რეკომენდაციები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული.

„2019 წლის ბიუჯეტი დაიხარჯება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და აღდგენაზე – 98 509 000 ლარი, ეს არ არის საბოლოო ციფრი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩვენ დაახლოებით 170 000 000 ლარს ველოდებით და ჯამურად 212 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 2019 წელს საბოლოოდ გამოვცვლით იმ მახინჯ “ბოგდანებს“, რომელიც არის მახინჯი პოლიტიკური პარტიის სიმბოლო, ვინც თავის დროზე მილიონები გადაყარა და შემოიყვანა ე.წ. ყვითელი “ბოგდანები“. მეორე მიმართულებაა ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, სადაც 262 000 000 ლარი დაიხარჯება, აქ ბიუჯეტი დაახლოებით 37 000 000 ლარზე მეტითაა გაზრდილი”, – განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, ეკოლოგიური მდგომარების გაუმჯობესებაში 2019 წელს 88 558 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო გამწვანების მიმართულებით თანხა გაზრდილია 6 000 000 ლარით.

დეპუტატის თქმით, ბიუჯეტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების მიმართულებით 20 648 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

„2019 წელს დედაქალაქის მოსახლეობისთვის ყველა პრიორიტეტული სოციალური პროგრამა იქნება დაფინანსებული, მათ შორის, ჯანდაცვის მიმართულებით ისეთი პროგრამების დაფინანსება, როგორიცაა ზურგის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია და სხვა”, – განაცხადა ზარქუამ.

საკრებულოში დედაქალაქის 2019 ბიუჯეტის საკომისიო განხილვები მიმდინარე კვირიდან დაიწყება. 2019 წლის ბიუჯეტი წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.