ირაკლი მიქელაძე პარტია „საქართველოსთვის“ ოფისთან დაკავშირებულ საკითხზე - „ნაცმოძრაობაც“ ასე იქცეოდა 2012 წელს და ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ სრულდება მსგავსი პროცესი
ირაკლი მიქელაძე პარტია „საქართველოსთვის“ ოფისთან დაკავშირებულ საკითხზე - „ნაცმოძრაობაც“ ასე იქცეოდა 2012 წელს და ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ სრულდება მსგავსი პროცესი

პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე მედიასთან პარტიის ოფისის მფლობელის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების მიზეზად სავარაუდო ზეწოლას მიიჩნევს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ამ ადამიანთან გუშინაც გვქონდა კომუნიკაცია და ღიად აფიქსირებდა მხარდაჭერას ჩვენი გუნდისადმი, ჩვენი პარტიისადმი და ფაქტობრივად, მხოლოდ დღეს შეიცვალა მისი პოზიცია, მიზეზად კი დასახელდა ის ფაქტი, რომელიც იმავე მედიის საშუალებებით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ეს ყველაფერი არის სრული სიცრუე. ფაქტია, რომ ამ ადამიანზე მიმდინარეობს სავარაუდოდ, ჩვენი აზრით, ზეწოლა და სწორედ ეს ზეწოლა გახდა მიზეზი იმისა, რომ ეს განცხადება გაეკეთებინა, რომელიც ვნახეთ. სამწუხაროდ, ეს ადამიანი ისე არის დაშინებული, რომ ჩვენ მასთან კომუნიკაციასაც ვერ ვახერხებთ“, – აცხადებს მიქელაძე.

მიქელაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეს პარტიისთვის ოფისის მიქირავების მსურველთა დაშინების პირველი შემთხვევა არ არის და აჭარაში ამას მასობრივი ხასიათი აქვს.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მთელი რეგიონის მასშტაბით ვაპირებთ ძალიან ბევრი ოფისის გახსნას და სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადამიანები ღიად გვიფიქსირებენ, რომ მიუხედავად მათი დიდი სურვილისა, მოგვაქირაონ ოფისი, ვერ ახერხებენ იმ დაშინებისა და შანტაჟის გამო, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება. მინდა, გამოვხატო ჩემი პოზიცია ამ ადამიანთან მიმართებაშიც და ვთქვა, რომ ჩვენ აბსოლუტურად გვესმის მისი, თანავუგრძნობთ და გავითვალისწინებთ მის ამ რთულ მდგომარეობას, ოფისს დავტოვებთ. მაგრამ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ვერ გახდება ჩვენთვის დამაბრკოლებელი – ეს ვერ გახდება მიზეზი, რომ შევაჩეროთ მუშაობა და ყველა ადამიანსაც თუ შეაშინებენ ამ ქალაქში და ამ რეგიონში, რომ ვერ მოგვაქირაონ ოფისი, საკუთარ სახლებშიც კი გავშლით ოფისს, გავაგრძელებთ მუშაობას მოქალაქეების პრობლემების, პირველ რიგში ზუსტად გასაგებად და შემდეგ ამ პრობლემების მოსაგვარებლად ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ.

ფაქტია, ეს ქცევა ძალიან ჰგავს „ნაციონალურ მოძრაობისას“ 2012 წელს და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ, თუ როგორ სრულდება მსგავსი პროცესი“, – ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაცია ბათუმში დაკავებულ ოფისს გაათავისუფლებს. ამის მიზეზი ფართის მფლობელის, ლაშა ახალაიას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ აღარ სურს, მიაქირაოს ფართი ამ პარტიას, გიორგი გახარიასადა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო კავშირის გამო.